პროკურატურა ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს
საქართველოს პროკურატურა ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
პროკურატურის ინფორმაციით, ბასილაშვილს ბრალდება წარედგინა ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე.
„საქართველოს პროკურატურამ ნ.ბ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, ქ.თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნ.ბ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნ.ბ. 2020 წლის 22 მაის დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ბრალდების მხარემ უკვე მიმართა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით“,- აღნიშნავენ პროკურატურაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის აღკვეთის შეფარდებაზე ამ წუთებში მსჯელობენ.