პროკურატურა არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დაცვის მხარის ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნას არ იზიარებს
პროკურატურა დაცვის მხარის ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნას არ იზიარებს. როგორც პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ განაცხადა, მაია ნიკოლეიშვილის დასკვნა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან წინააღმდეგობაშია.
„ამ დასკვნასთან დაკავშირებით დაიკითხა ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი. ქალბატონი ექსპერტის დაკითხვა არ არის დასრულებული და ჩვენების თაობაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ, შინაარსზე ვერ ვისაუბრებთ. მისი ინფორმაცია წინაამღდეგობაშია საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან. რასაც დაცვის მხარე ამბობს, არის აბსურდი. ქმედება ჩაიდინეს ბრალდებულებმა და ჩადენილია იმ დანებით, რომლებიც ამოღებულია“, – განაცხადა ფხაკაძემ.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატმა ინგა შარაშენიძემ განაცხადა, რომ ექსპერტიზის დასკვნით, ორივე არასრულწლოვანს ჭრილობა სხვა საგნით აქვს მიყენებული.
სხდომაზე დღეს მის მიერ დაკვეთილი ექსპერტიზა გამოიკვლიეს. დაკითხეს ერთი ექსპერტი, მეორე ექსპერტის დაკითხვა ხვალ 12:00 საათზე გაგრძელდება.
„დასკვნა მოცულობითია, სრულად შესწავლილია და გამოიკვეთა, რომ სხვა საგნით აქვს ორივე გარდაცვლილს ჭრილობები მიყენებული. ხვალ ბრალდების მხარე დაასრულებს დაკითხვას. ეს არის სრულყოფილად შესწავლილი და დასაბუთებული დასკვნა. ერთ-ერთ პირზე დაზიანებები აბსოლუტურად სხვა საგნით არის მიყენებული. არც ერთ ბრალდებულს არ ეკუთვნის ეს იარაღი“, – განაცხადა შარაშენიძემ.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ალტერნატიული ექსპერტიზა გამოიკვლიეს.