პროკურატურა ცოტნე გამსახურდიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას, თორნიკე ქვათაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების თაობაზე, გაასაჩივრებს
პროკურატურა ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომელიც ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დანაშაულის შეუტყობინელობისთვის ბრალდებულის, თორნიკე ქვათაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ეხება.
ამის შესახებ საქმის პროკურორმა, მარიკა გოგოხიამ დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე ითხოვდა ხუთივე დაკავებული პირის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას. აქედან ორს ბრალი ედებოდა ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის მცდელობაში, ხოლო სამ პირს ბრალი ედებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში. სასამართლომ იხელმძღვანელა საქმეში არსებული მასალებით და ჩვენი შუამდგომლობა დააკმაყოფილა ოთხი პირის მიმართ, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა. პირებს, რომლებსაც ედებათ ბრალი ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობაში ჯგუფურად, ორივეს შეეფარდა პატიმრობა. რაც შეეხება ერთ პირს, რომელსაც ბრალად ედებოდა დანაშაულის შეუტყობინებლობა, სასამართლომ იმსჯელა, რომ ის უნდა დარჩენილიყო აღკვეთის ღონისძიების გარეშე. ბრალდების მხარე აპირებს რომ გაასაჩივროს ეს ზემდგომ ინსტანციაში“,- განაცხადა პროკურორმა.
ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს, ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა.
რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ თორნიკე ქვათაძეს, ის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.