საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული პროფილაქტიკური აცრები შესაძლოა, სავალდებულო გახდეს.
შესაბამისი ცვლილებები „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე იგეგმება.
ცვლილებებით, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებული იქნება, შვილს ან მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირს ეროვნული კალენდრით განსაზღვრული სავალდებულო პროფილაქტიკური აცრები ჩაუტაროს.
„სავალდებულო იმუნიზაციის შემოღება აუცილებელია ვაქცინაციით მოცვის გასაუმჯობესებლად და სწრაფი შედეგების მისაღებად. იმუნიზაცია ყველა მოქალაქის უფლება და პასუხისმგებლობაა“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.