პროფესიული განათლების სისტემაში ავტორიზაციის ახალი სტანდარტები დამტკიცდა
განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, პროფესიული განათლების სისტემაში ავტორიზაციის ახალი სტანდარტები დამტკიცდა, რაც პროფესიული განათლების სისტემას ევროპულ სივრცესთან კიდევ უფრო დააახლოებს, – ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გატარებული ცვლილებებით პროფესიულ კოლეჯებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, მიმართონ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საშუალო პროფესიული პროგრამების ავტორიზაციისთვის და საბაზო განათლების (მე-9 კლასი) მქონე სტუდენტებს, პროფესიის შესწავლასთან ერთად, სრული ზოგადი განათლებაც მიაწოდონ.
„პროფესიული განათლების ნაწილში მთლიანად გადამუშავდა ავტორიზაციის დებულება და დაინერგა ახალი სტანდარტები – დაწესებულების ადამიანურ და მატერიალურ რესურსთან ერთად, ახალი რეგულაციით შეფასდება კოლეჯის სტრატეგიული ხედვა, სტუდენტური სერვისები, საინფორმაციო და ფინანსური რესურსები და მეტი აქცენტი გამახვილდება პროგრამის ხარისხზე.
ამასთანავე, შეიცვლება ექსპერტთა მიდგომა კოლეჯებთან მიმართებით, გახდება კოლეჯის განვითარებაზე ორიენტირებული. ნაცვლად ხისტი, ორდონიანი შეფასებისა, დაინერგება მოქნილი და კოლეჯის განვითარებაზე ორიენტირებული ოთხდონიანი შეფასების სისტემა, რაც სტანდარტებთან ნაწილობრივ ან მეტწილ შესაბამისობასაც ითვალისწინებს“, – აცხადებენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.
უწყების ცნობით, ცვლილებები წელიწადნახევრის განმავლობაში მზადდებოდა და მასში ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის, კოლეჯები, ავტორიზაციის საბჭოები, ექსპერტთა კორპუსი, არასამთავრობო ორგანიზაციები, დონორი ორგანიზაციები და საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობდნენ.