ნოდარ პაპუკაშვილი - პროფესიულმა დაწესებულებებმა ახალი მართვის მოდელის შეთავაზებით განახორციელეს ბიზნესის შემოსვლა უნარების ეკოსისტემაში, შედეგად პროფესიული განათლება მიმზიდველი ხდება
ნოდარ პაპუკაშვილი - პროფესიულმა დაწესებულებებმა ახალი მართვის მოდელის შეთავაზებით განახორციელეს ბიზნესის შემოსვლა უნარების ეკოსისტემაში, შედეგად პროფესიული განათლება მიმზიდველი ხდება

განათლების სფეროში სისტემურმა მიდგომამ თავის კვალი დაამჩნია პროფესიულ განათლებას და განხორციელებული ქმედებები იყო საკმაოდ შთამბეჭდავი, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში “გადაწყვეტილება“ განაცხადა.

„პროფესიულ განათლებაში არასდროს განხორციელებულა ის, რაც მინისტრმა პრეზენტაციაზე განაცხადა, საჯარო შეთავაზება კერძო სექტორს, რაც არის უპრეცედენტო სიახლე ჩვენ რეალობაში და გულისხმობს საჯარო და კერძო სექტორის ურთიერთობას, რათა მოძიებული იქნას პროფესიონალი კადრები შრომის ბაზრის საჭიროებებიდან გამომდინარე. საჯარო და კერძო სექტორის ურთიერთობა ახალი არ არის პროფესიული განათლების მიმდინარეობისას, თუმცა აღნიშნული დიალოგის ფორმატი, რომელიც პროფესიულ განათლებას მუდმივად ახასიათებდა, გადავიდა პასუხისმგებლობის განაწილების და ასევე, თანასწორუფლებიანობის ფორმატში. შესაბამისად, პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ახალი მართვის მოდელის თაობაზე შეთავაზება წარუდგინეს ბიზნესს და ამით განახორციელეს ბიზნესის შემოსვლა უნარების ეკოსისტემაში. შედეგად ვიღებთ იმას, რომ პროფესიულ განათლებაში სასწავლო პროცესი იხვეწება, პროფესიული განათლება მიმზიდველი ხდება და დასაქმების მაჩვენებელი აუცილებლად გაიზრდება“, – განაცხადა პაპუკაშვილმა.

მისი თქმით, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იყო დირექტორის სტანდარტების დაწესება, რადგან სახელმწიფო პროფესიულ განათლებაში დიდ ფულად რესურსს დებს და ამ ინვესტიციას ვერ ანდობს ისეთ ადამიანს, რომელსაც შინაგანი პასუხისმგებლობა არ გააჩნია, როგორ და რა მიმართულებით უნდა მიმართოს თანხები.

„ეს გათვლილია იმაზე, რომ პასუხისმგებლობა იქნას განსაზღვრული დირექტორის მხრიდან. დირექტორს დაუდგინდა კონკრეტული კრიტერიუმები და მან იცის, თუ მისი საქმიანობა შედეგზე ორიენტირებული არ იქნება, მის თანამდებობაზე ყოფნას შეიძლება, საფრთხე შეექმნას. კოლეჯის დირექტორი იყო ერთადერთი, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებების სხვა ტიპებთან მიმართებაში ვადით არ სარგებლობდა, ის უვადოდ იყო არჩეული და ჩვენ დავადგინეთ ვადა. ის იქნება არჩეული ორჯერ ზედიზედ და ხუთი წლის ვადით, რაც გარკვეულწილად, გააუმჯობესებს სასწავლო პროცესს“, – განაცხადა პაპუკაშვილმა.

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, უმნიშვნელოვანესი იყო კვალიფიკაციის საკითხი, რაც პროფესიულ განათლებაში განხორციელდა.

„ვგულისხმობ კვალიფიკაციების გადახალისებას და ახალი კვალიფიკაციების შემუშავებას შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე. ეს კეთდება ახალი მეთოდოლოგიით, რომელიც ჩვენ სისტემაში არსებულმა პროფესიული უნარების სააგენტომ შეიმუშავა, რომელიც სწორედ შრომის ბაზრის და კერძო ინვესტორთა ინტერესებიდან გამომდინარე მიმდინარეობს“, – განაცხადა პაპუკაშვილმა.

მისივე თქმით, შემდეგი საკითხი, რაც პროფესიული განათლების მიმართულებით განხორციელდა, არის პროფესიული განათლების ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ინტეგრირება, რითაც მეცხრე კლასიდან სკოლის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, სურვილის შემთხვევაში სწავლის პარალელურად შეისწავლონ პროფესია.

როგორც პაპუკაშვილმა აღნიშნა, პროფესიულ განათლებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასწავლებელთა პროფესიული გადამზადება, რისი გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული.

„იაპონიიდან და გერმანიიდან შესაბამისი ექსპერტები იყვნენ ჩამოსული, შეიქმნა დარგობრივ სპეციალისტთა ქსელი და საუბარია პროფესიული განათლების დაახლოებით, 50 პედაგოგის კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაგზავნაზე სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებიც შემდგომ დაბრუნდებიან და თავანთ ქსელში ჩაშლიან საკუთარ გამოცდილებას. რა თქმა უნდა, ეს მომავალში ხელს შეუწყობს სწავლების ხარისხის ამაღლებას“, – განაცხადა პაპუკაშვილმა.

ნოდარ პაპუკაშვილმა ასევე ისაუბრა დაფინანსების ახალ მოდელზე.

„უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო, როდესაც ჩვენ დავიწყეთ დაფინანსების ახალი, შესრულებაზე დაფუძნებული მოდელის შემუშავებაზე მუშაობა. ეს გულისხმობს დღეს არსებული ე. წ ვაუჩერული დაფინანსების ჩაშლას რამდენიმე პრიორიტეტად. ეს არის საბაზისო დაფინანსება, არაპირდაპირი საოპერაციო დაფინანსება, შესაბამისი ჯგუფების და პროგრამების პრიორიტეტული დაფინანსება, შედეგზე დაფუძნებული დაფინანსება და ის ინვესტირება, რომელიც შეიძლება, კაპიტალური ხარჯებით განხორციელდეს და ინფრასტრუქტურას მოხმარდეს“, – განაცხადა პაპუკაშვილმა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი განაპირობებს სამინისტროს სისტემურ მიდგომას პროფესიული განათლების განვითარების კუთხით და უახლოეს წლებში, მაქსიმუმ ორ წელიწადში, გადაიჭრება ძალიან დიდი პრობლემა, რომ შრომის ბაზარი პროფესიონალი კადრებით დაკმაყოფილდეს.