პრობაციონერები ფოთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურში დასაქმდებიან
პრობაციონერები ფოთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურში დასაქმდებიან. იუსტიციის სამინისტრომ ფოთის მერიასთან მემორანდუმი გააფორმა. აღნიშნულ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომამისჯილი პირები ფოთის მერიის შესაბამის სამსახურებში, სკვერებსა და ბაღებში დასაქმდებიან. შესაბამის მემორანდუმს ხელი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა – გოჩა კურდღელიამ მოაწერეს.
იუსტიციის სამინისტროს ახლებური მიდგომის შედეგად, მსჯავრდებულები ერთი მხრივ საკუთარ წვლილს შეიტანენ ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოების წინაშე მიყენებულ ზიანს აანაზღაურებენ.
„მიმდინარე წლის ივლისში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები უკვე გაფორმდა ქუთაისის, ოზურგეთის, ბათუმის, ყვარლის, გურჯაანის, თელავისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების მერიებთან, რის შედეგადაც, შრომამისჯილთა დასაქმებისთვის ახალი სივრცე გაჩნდა. საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ეფექტიანი აღსრულების მიზნით, შესაბამისი მემორანდუმი, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ქალაქთან და მუნიციპალიტეტთან გაფორმდება“, – ნათქვამია განცხადებაში.