პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ოჯახის „მაღალი რანგის“ წევრების სტატუსზე უარს ამბობენ
პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მეგან მარკლი სამეფო ოჯახის „მაღალი რანგის“ წევრების სტატუსზე უარს ამბობენ.
ამის შესახებ ნათქვამია სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
წყვილი აღნიშნავს, რომ სამეფო სახლისგან ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევას გეგმავენ.
„მრავალთვიანი ფიქრისა და შიდა დისკუსიების შემდეგ გადავწყვიტეთ, მიმდინარე წელს განვახორციელოთ ცვლილებები და დავიწყოთ ამ ინსტიტუტში ახალი პროგრესული როლის შესრულება. ვაპირებთ, შევწყვიტოთ სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრების მოვალეობის შესრულება და ვიმუშაოთ, რათა გავხდეთ ფინანსურად დამოუკიდებლები და ამავე დროს, გავაგრძელოთ მისი უდიდებულესობის, დედოფლის სრული მხარდაჭერა”, – ნათქვამია ჰარისა და მეგანის განცხადებაში.
წყვილი აღნიშნავს, რომ ცხოვრებას ნაწილობრივ დიდ ბრიტანეთში, ნაწილობრივ კი – ჩრდილოეთ ამერიკაში გეგმავენ. მათი თქმით, ახალი საქველმოქმედო ორგანიზაციის გახსნას აპირებენ.
„ბიბისი“ აღნიშნავს, რომ როგორც ჩანს, განცხადების გამოქვეყნებამდე პრინც ჰარისა და მეგან მარკლს სამეფო ოჯახის სხვა წევრებთან კონსულტაცია არ გაუვლიათ.
აღსანიშნავია, რომ საშობაო პერიოდის დროს, ექვსი კვირის განმავლობაში წყვილი კანადაში, თავის შვილ არჩისთან ერთად იმყოფებოდა.
ბრიტანული მედია წერდა, რომ ჰარი და მეგანი უკმაყოფილოები იყვნენ „ყვითელი პრესის“ მხრიდან მათ მიმართ ყურადღებით და ოქტომბერში რამდენიმე ტაბლოიდს სასამართლოშიც კი უჩივლეს.