თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ სასექსის ჰერცოგთან, პრინც ჰარისთან ​„ძლიერთა თამაშების“ ტურნირის სამომავლოდ საქართველოში ჩატარების შესაძლებლობა განიხილა
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ სასექსის ჰერცოგთან, პრინც ჰარისთან ​„ძლიერთა თამაშების“ ტურნირის სამომავლოდ საქართველოში ჩატარების შესაძლებლობა განიხილა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდი ჰააგაში მიმდინარე „ძლიერთა თამაშებში“ წარმატებით ასპარეზობს. უწყების ცნობით, ქართველმა სამხედროებმა რამდენიმე მედალი უკვე მოიპოვეს.

„ალექსი ბერუაშვილმა 1 500 მეტრ დისტანციაზე სირბილში პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ლენდროვერ ჩელენჯში კი, მურთაზ ოსეფაიშვილი და ონისე ჯუღელი მესამე ადგილზე გავიდნენ და ბრინჯაოს მედლები მიიღეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ჰააგაში იმყოფება საქართველოს თავდაცვის მინისტრიც. თამაშების პარალელურად, ჯუანშერ ბურჭულაძე გაერთიანებული სამეფოს სასექსის ჰერცოგს, პრინც ჰარის შეხვდა და სამომავლოდ ტურნირის საქართველოში ჩატარების შესაძლებლობა განიხილა.

„ჰერცოგი ჰარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდის წევრებს გაესაუბრა და მათი აზრი მოისმინა, რა გავლენას ახდენს „ძლიერთა თამაშები“ დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციის პროცესსა და მათ მოტივაციაზე.

ტურნირი „ძლიერთა თამაშები“ გაერთიანებული სამეფოს სასექსის ჰერცოგის, პრინცი ჰარის პატრონაჟით 2014 წლიდან სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. 16 აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games) მონაწილეობის მისაღებად ჰააგაში მსოფლიოს 20 ქვეყნის 500 დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურე და მათი ოჯახის წევრები შეიკრიბნენ.

„სამინისტროს გუნდი მონაწილეობს სპორტის სხვადასხვა სახეობაში: მჯდომარე ფრენბურთი, მშვილდოსნობა, ცურვა, ძალოსნობა, მძლეოსნობა, პარაკალათბურთი, ნიჩბოსნობა სავარჯიშო მოწყობილობაზე და ლენდ როვერის შეჯიბრი. სამხედრო მოსამსახურეებმა მომზადება გაიარეს წეროვანის მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში, თბილისის პარაგანვითარების ცენტრში, უწყების სპორტულ და სატრენაჟორო დარბაზებში. თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებულთა გუნდმა სპორტულ ასპარეზობებში ოთხჯერ მიიღო მონაწილეობა და დიდ წარმატებებს მიაღწია. 2014 წელს ლონდონში, ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ შეყელაშვილმა მშვილდოსნობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2016 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ორლანდოში, ინდივიდუალურ შეჯიბრებაში (სირბილი), უმცროსმა სერჟანტმა გიორგი ბოჭორიშვილმა აიღო ვერცხლის მედალი, ხოლო მჯდომარე ფრენბურთის გუნდი მესამე ადგილზე გავიდა. 2017 და 2018 წლებში, კანადასა და ავსტრალიაში, მჯდომარე ფრენბურთის გუნდმა ოქროს მედლები მიიღო“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.