პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მედიას ფოტოებთან დაკავშირებით აფრთხილებენ
სასექსის ჰერცოგი და მისი მეუღლე პაპარაცებს აფრთხილებენ. მათი თქმით, მეგან მარკლის ფოტოები, რომელშიც ის ძაღლებს ასეირნებს და ხელში ბავშვი უჭირავს, უნებართვოდ არის გადაღებული.
აღნიშნული ფოტოები მარკლს კანადაში გადაუღეს.
ჰარი და მეგანი გამოქვეყნებულ განცხადებაში ამბობენ, რომ მზად არიან ფოტოგრაფს უჩივლონ და კომპენსაციის გადახდა მოითხოვონ. როგორც წყვილი ამტკიცებს, პაპარაცებმა რამდენჯერმე სცადეს, ვანკუვერში მათი სახლის შიდა ფოტოებიც გადაეღოთ.
სასექსის ჰერცოგი 21 იანვარს ჩავიდა ვანკუვერში, სადაც ახალი ცხოვრების დაწყებას გეგმავს. ჰარიმ და მეგანმა განაცხადეს, რომ დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახისგან ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებას შეეცდებიან. მათი თქმით, უკან დააბრუნებენ 2,4 მილიონ დოლარს, რომელიც უინძორში მათი სახლის სარემონტო სამუშაობზე დაიხარჯა.
შვილიშვილის გადაწყვეტილებას დაეთანხმა დედოფალი ელისაბედ მეორე. მოგვიანებით, ბუკინგემის სასახლეში განაცხადეს, რომ ჰარი და მეგანი ამიერიდან სამეფო ტიტულს აღარ ატარებენ და სახელმწიფო ხაზინიდან დაფინანსებას არ მიიღებენ.
ამის მიუხედავად, ისინი სასექსის ჰერცოგად და ჰერცოგინიად რჩებიან, ხოლო ჰარი კვლავ პრინცია, რადგან ეს ტიტული მან დაბადებისთანავე მიიღო.