პრეზიდენტმა 143 მსჯავრდებული შეიწყალა
პრეზიდენტმა 143 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2018 წლის 24 მაისის შეწყალების აქტით, 143 მსჯავრდებული შეიწყალა.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე შეწყალების საკითხთა კომისიის ხელმძღვანელმა ზვიად ქორიძემ განაცხადა, რომ შეწყალებულთაგან 84 დღესვე დატოვებს საპატიმროს, ხოლო 59-ს სასჯელი შეუმცირდა. შეწყალებულთა შორის ნაკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულებიც არიან. 

შეწყალების საკითხთა კომისიამ მიმდინარე ეტაპზე განიხილა სულ 1347 პირის საქმე.

ამასთან, ზვიად ქორიძის განმარტებით, ძალადობრივ დანაშაულებში მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმია გამოცხადებული და შესაბამისად, ასეთი 216 საქმის განხილვა გადაიდო.

„როგორც იცით, პრეზიდენტს ძალადობრივ დანაშაულებზე მსჯავრდებული პირების საქმეების განხილვაზე მორატორიული აქვს გამოცხადებული, სწორედ ამ მორატორიუმის ფარგლებში კომისიამ გადადო 216 საქმე. ესენი არიან მსჯავრდებულები, რომლებიც გასამართლებული არიან ძალადობრივ დანაშაულზე, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებებზე, ძარცვაზე, ყაჩაღობაზე. მათ საქმეს კომისია აუცილებლად განიხილავს უახლოეს მომავალში, როცა მორატორიუმი ამოიწურება“, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.