საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს. გიორგი მარგველაშვილი მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმძღვანელმა ნატა ძველიშვილმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციით დაინტერესდა.
“გვიხარია, რომ პრეზიდენტი დაინტერესდა ჩვენი მოსაზრებებით. მზად ვართ გავუზიაროთ ჩვენი და მოვისმინოთ მისი პოზიციები. გვიხარია, რომ მმართველ პარტიაშიც არიან დეპუტატები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ დამაზიანებელი იქნება ამ კანონის მიღება. რაც შეეხება შენიშნვნებს, პირველი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენთვის მიუღებელია საზოგადოებრივი მაუწყებელი ისე გადიოდეს შესყიდვებს ერთიანი სისტემიდან, რომ ანგარიშვალდებულება მცირდებოდეს, გამჭვირვალობის სტანდარტი იწევდეს დაბლა, ვინაიდან ამ მოცემული ნორმით, არსად არ არის მითითებული, როგორ უნდა ხორციელდებოდეს კონტროლი იმ გადაცემების შესყიდვაზე, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი აპირებს ერთიანი შესყიდვების სისტემის გარეშე. რაც შეეხება სარეკლამო შემოსავლებს, მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ევროპის რიგ ქვეყნებში ნამდვილად არის დაშვებული სარეკლამო შემოსავლის მიღება საზგადოებრივი მაუწყებლისთვის, მაგრამ ასეთ ქვეყნებში მისი ბიუჯეტიდან დაფინანსების მოცულობა არ აღემატება სარეკლამო ბაზრის საერთო მოცულობის ნახევარზე მეტს. მაუწყებელს კონკურენტუნარიანობის გაზრდა შეუძლია არა სარეკლამო შემოსავლებითა და კომერციული პროექტებით, არამედ იმ პროექტებით, რაც მისი პრიორიტეტია, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული. მაუწყებელი ბიუჯეტიდან იმიტომ იღებს ამხელა დაფინანსებას, რომ შექმნას ისეთი პროდუქტები, რაც კომერციული არხებისთვის არ არის მიმზიდველი. თუ ჩვენ გვინდა კომერციული მაუწყებელი, ბიუჯეტიდან უნდა შევამციროთ დაფინანსება. პირველი არხის რეიტინგი მინდა ინფორმაციის ხარჯზე, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გადაცემების ხარჯზე და არა გასართობი კონტენტის ხარჯზე, რომელიც სავსე იქნება კომერციული შემოსავლებით. კომერციული სპონსორობა საფრთხის შემცველია”, – განაცხადა ძველიშვილმა.
დღესვე, კანონპროექტზე სასაუბროდ, საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს წევრებს შეხვდება.
საზოგადოებრივი მაუწყებელი პრეზიდენტთან შეხვედრის ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდა, რაც გიორგი მარგველაშვილმა დაინტერესებულ მხარეებთან, კერძოდ მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა დანიშნა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადების შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელმა საბჭომ განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ კანონპროექტის მომზადებისა და საპარლამენტო განხილვის პერიოდში შეხვედრა ყველა დაინტერესებულ მხარესთან გაიმართა და საბჭო მზად არის, არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე პრეზიდენტს ესაუბროს.
საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით 85 მომხრე ხმით, 6 წინააღმდეგ 14 დეკემბერს დაამტკიცა.