საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს პასუხი საქართველოს პრეზიდენტის შეთავაზებაზე
საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს პასუხი საქართველოს პრეზიდენტის შეთავაზებაზე

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოთქვა სურვილი, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვდეს ამ საკითხით დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებს.

საზოგადობრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭო მზად არის, პირადად შეხვდეს პრეზიდენტს და დეტალურად განუმარტოს მაუწყებლის პოზიცია და არგუმენტები, რათა გიორგი მარგველაშვილი სრულად იყოს ინფორმირებული საკანონმდებლო ცვლილებების არსთან და მნიშვნელობასთან დაკავშირებით.

კანონპროექტის მომზადებისა და საპარლამენტო განხილვის პერიოდში ჩვენ მუდმივად ვხვდებოდით ყველა დაინტერესებულ პირსა თუ ჯგუფს და ვუხსნიდით ჩვენს პოზიციას. მხოლოდ მივესალმებით, რომ პრეზიდენტი დაინტერესდა საზოგადოებრივი მაუწყებლით და მზად ვართ, მას ვესაუბროთ ჩვენს პრობლემებზე, გამოწვევებზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის გაძლიერების გზებზე. მხოლოდ ასეთი შეხვედრის შემდეგ, თუ ბატონ პრეზიდენტს კიდევ დარჩება კითხვები საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, მზად ვიქნებით, ვისაუბროთ შეხვედრის სხვა ფორმატზე.

მანამდე კი ნებისმიერ შერეულ ფორმატში მონაწილეობა ჩვენთვის მიუღებელია, რადგან, ჩვენი აზრით, ასეთი ფორმატი არ იძლევა საკითხში გარკვევის რეალურ შესაძლებლობას და შედეგისთვის მხოლოდ საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს. იმის გამო, რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, განზრახ არასწორად განმარტონ კანონის კონკრეტული მუხლები და სრულად დაამახინჯონ კანონის ზოგადი სულისკვეთება, მათთან კამათი მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენი პრინციპებიდან და მაუწყებლის ინტერესებიდან გამომდინარე.

იმის გამო, რომ საკანონმდებლო ცვლილებები უშუალოდ შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ჩვენ ველოდებით, რომ ბატონი პრეზიდენტი დათანხმდება შეხვედრის ჩვენ მიერ შეთავაზებულ ფორმატს და გულწრფელად შეეცდება, გაერკვეს „პირველი არხის“ წინაშე მდგარ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელთა გადაჭრა საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე შეუძლებელია.

პატივისცემით,

საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭო.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა დღეს გაავრცელა.