პრეზიდენტი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე დაინტერესებულ მხარეებს შეხვდება 

11:17, 16.12.2017

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, ორშაბათს მედიის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და საკითხით დაინტერესებულ მხარეებს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციასა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის კომენტარს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ანა დოლიძის განცხადებით, „მაუწყებლის შესახებ” კანონში შემავალი ცვლილებები ეხება ძალიან მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სიკეთეს – მედიას, გამოხატვის თავისუფლებასა და ობიექტური  მაუწყებლის არსებობის საკითხს.

„ამასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში გამოითქვა ბევრი კრიტიკა და შენიშვნა, ამიტომ საქართველოს პრეზიდენტი აპირებს, შეხვდეს ყველა იმ მხარეს, რომლებმაც ეს მოსაზრებები გამოთქვეს:  მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რათა ჩამოვყალიბდეთ იმ კრიტიკულ, ან ნაკლებად კრიტიკულ ასპექტებზე, რომლებსაც პარლამენტი იხილავს”,- განაცხადა ანა დოლიძემ.

საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით 85 მომხრე ხმით, 6 წინააღმდეგ 14 დეკემბერს დაამტკიცა.

მსგავსი