პრემიერი - მთავრობის გადაწყვეტილებაა, განათლების ბიუჯეტი გაიზარდოს მინიმუმ მშპ-ის ზრდის მაჩვენებლით
მთელი მთავრობის გადაწყვეტილებაა, საპარლამენტო გუნდთან ერთად, რომ განათლების ბიუჯეტი გაიზარდოს მინიმუმ მშპ-ის ზრდის მაჩვენებლით და შეიძლება უფრო მეტადაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატ სერგო რატიანის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომელიც მასწავლებლების ხელფასებს შეეხებოდა.
პრემიერის თქმით, განათლება ხელისუფების პრიორიტეტია.
“დღევანდელი მდგომარეობით, სქემის მიხედვით სტატუსის დანამატს იღებს 19 ათასამდე მასწავლებელი, მათგან 66% იღებს სრულ დანამატს, რაც ხელფასთან ერთად 1000 ლარს უახლოვდება. 3 ათასი მასწავლებელია, რომელიც 2012 წლამდე არსებულ დონეზე იღებდა დანამატს, არის დაახლოებით 5000 პედაგოგი, რომელიც იღებს ნაწილობრივ დანამატს და 11 ათასი – სრულ დანამატს. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, მეტი იყოს და ნამდვილად, მთელი მთავრობის გადაწყვეტილებაა საპარლამენტო გუნდთან ერთად, განათლების ბიუჯეტი გაიზარდოს მინიმუმ მშპ-ის ზრდის მაჩვენებლით და შეიძლება უფრო მეტადაც. რა თქმა უნდა, არიან მასწავლებლები, რომლებსაც ნაკლები ხელფასი აქვთ, თუმცა, ტენდენცია, რომელიც ნაჩვენებია, იძლევა იმედს, რომ მათ ექნებათ სათანადო ანაზღაურება. მასწავლებლის გადამზადება და მისი პროფესიონალური მომზადების დონე არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი და სკოლებში უზრუნველვყოთ მაღალი ხარისხის სწავლება”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ასევე უპასუხა კითხვას სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ, რეალურად, მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს სტატუსი შეჩერებული ფინანსური მიზეზით.
“70%-ის შეჩერების მიზეზია სახელმწიფო გრანტის გაზრდა, ან ფაკულტეტის შეცვლა. როდესაც ციფრებს ვასახელებთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ რაოდენობიდან 80%-ს აღდგენილი აქვს სტატუსი”, – აღნიშნა პრემიერმა.