გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის პრეზენტაცია გამართა
გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის პრეზენტაცია გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის პრეზენტაცია გამართა.

მინისტრმა ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტრომ აქტიური მუშაობა დაიწყო განათლების ეროვნული მიზნების განახლებაზე.

მისი თქმით, ეროვნული მიზნები დაეფუძნება მოსწავლეებში ეროვნული იდენტობის გაძლიერებას, ჯანსაღი ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობასა და მოზარდების ცნობიერების ამაღლებას პატრიოტიზმის, ქართული ტრადიციების, კულტურისა და ოჯახური ფასეულობების კუთხით.

როგორც გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რეფორმის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობაზე.

მისივე თქმით, ამ მიზნით, სამინისტრო, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით, აგრძელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის გაუმჯობესებაზე მუშაობას.

მინისტრმა ასევე ისუაბრა პედაგოგთა ანაზღაურების ზრდის საკითხზე.

მისი თქმით, 2024 წლის განათლების ბიუჯეტი განისაზღვრა 2 მილიარდ 508 მილიონ ლარით.

„აქედან 160 მილიონი მოხმარდება მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდას. კერძოდ, 2024 წლის პირველი ივლისიდან, სრული დატვირთვის პირობებში, მასწავლებლების ხელფასი, სტატუსის მიუხედავად, საშუალოდ, გაიზრდება 500 ლარით და მეტით. საშუალოდ, 500 ლარითა და მეტით ანაზღაურების ზრდა მასწავლებელთა კორპუსის 70%-ს შეეხება.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლიდან ხელფასის 10%-იანი მატება შეეხება სკოლის ადმინისტრაციას, ხოლო ტექნიკურ პერსონალს ანაზღაურება 10-დან 50%-მდე გაეზრდება“, – აღნიშნა მინისტრმა.

ზოგადი განათლების საფეხურზე მიმდინარე რეფორმის წარდგენისას გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ დაწყებულია მუშაობა სკოლების ინსტიტუციურ გაძლიერებაზე.

„ეს გულისხმობს სკოლებისთვის გარკვეული საკითხებისა და უფლებამოსილებების დელეგირებას, რაც მათ საშუალებას მისცემს, დამოუკიდებლად, ავტონომიურად, ადგილზე მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილებები“, – აღნიშნა ამილახვარმა.

მისივე თქმით, ცენტრალურ ნაწილში დარჩება მხოლოდ განათლების პოლიტიკის განსაზღვრის მიმართულება.

პრეზენტაციის ფარგლებში მინისტრმა ასევე ისაუბრა საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა კონკურსის შესახებ.

მისი თქმით, 840 სკოლაში სამეურვეო საბჭოების მიერ შეირჩა ახალი დირექტორები, თუმცა არის სკოლები, სადაც კონკურსი, უმეტეს შემთხვევაში, კანდიდატების არარსებობის გამო ვერ შედგა.

„უახლოეს მომავალში საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის დარჩენილ სკოლებში ჩატარდება ახალი კონკურსი, რომლის ფარგლებშიც ყველა კანდიდატს მიეცემა მონაწილეობის მიღების საშუალება, როგორც სერტიფიცირების მოპოვების მსურველებს, ასევე არსებულ სერტიფიცირებულ კანდიდატებს. სამინისტრო აპლიკანტებისთვის უზრუნველყოფს სამართლიან, ჯანსაღ და ინკლუზიურ გარემოს. მინისტრის დისკრეციის უფლება გამოყენებული იქნება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.

რეფორმის ფარგლებში მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ეროვნული სასწავლო გეგმის გაუმჯობესებაზე. ძირეული ცვლილება შეეხება ზოგადი განათლების საშუალო საფეხურს, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება მოსწავლის თვითგამორკვევისა და მისი პოტენციალის რეალიზების მრავალმხრივი მხარდაჭერა. გარდა ძირითადი, ყველასთვის სავალდებულო პროგრამისა, მოსწავლის ინტერესებიდან გამომდინარე, მათთვის შეთავაზებული იქნება ინტეგრირებული პროფესიული პროგრამები, ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მიმართულებები“, – განაცხადა მინისტრმა.

სიტყვით გამოსვლისას გიორგი ამილახვარმა ისუაბრა სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობაზე და აღნიშნა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის მიზნით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, აქტიურად მიმდინარეობს მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც სკოლების მასშტაბურ მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს და 2027 წლის ბოლოს ყველა სკოლა ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.

მინისტრის განცხადებით, 2024 წლის დასაწყისში დაგეგმილია კიდევ 75 საჯარო სკოლის მშენებლობის სამუშაოების დაწყება, რისთვისაც, ჯამში, დაიხარჯება 700.0 მილიონი ლარი.