გიორგი ამილახვარი - მივიღეთ გადაწყვეტილება, ცალკე იყოს სახელფასო პოლიტიკა, რომელიც, სტატუსის მიუხედავად, პედაგოგებს განუსაზღვრავს ღირსეულ ანაზღაურებას და ცალკე ვიზრუნოთ მათ პროფესიულ განვითარებაზე
გიორგი ამილახვარი - მივიღეთ გადაწყვეტილება, ცალკე იყოს სახელფასო პოლიტიკა, რომელიც, სტატუსის მიუხედავად, პედაგოგებს განუსაზღვრავს ღირსეულ ანაზღაურებას და ცალკე ვიზრუნოთ მათ პროფესიულ განვითარებაზე

კარგად გვესმის, რას ნიშნავს მასწავლებლის პროფესიული განვითარება. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ორი პროცესი გავყოთ, ცალკე იყოს სახელფასო პოლიტიკა, რომელიც, სტატუსის მიუხედავად, ყველა პედაგოგს განუსაზღვრავს ღირსეულ ანაზღაურებას და ცალკე ვიზრუნოთ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, სკოლის ავტონომიის პირობებში სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიულ განათლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

„მე როდესაც დავინიშნე აღნიშნულ პოზიციაზე, რამდენიმე პარალელური პროცესი მიმდინარეობდა, არსებობდა ცალკე კომისია, რომელიც ანიჭებდა სტატუსებს მასწავლებლებს, ასევე მიმდინარეობდა კონკურსი ე.წ. პორფოლიოების დაცვის პროცესი. მე მაშინ ვუთხარი პედაგოგებს და დარგში ჩართულ ადამიანებს, რომ დავაკვირდებოდით აღნიშნულ პროცესს, რომ სწორი დასკვნები გამოგვეტანა, ასევე, კვლევით ცენტრს დავავალეთ ამ მიმართულების სიღრმისეული ანალიზი. მე ათიათასობით მასწავლებელს პირადად შევხვდი, ვისმენდი მათ მოსაზრებებს, გამოვიტანეთ შესაბამისი დასკვნა, რომ აღნიშნული სქემა საჭიროებს განვითარებას.

კვლევებისა და გაკეთებული ანალიზის თანახმად, მასწავლებელთა აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ სქემაში და სტატუსების მოპოვების პროცესში იმიტომ ებმევა, რომ მას უნდა სახელფასო დანამატი. შესაბამისად, კარგად გვესმის, რას ნიშნავს მასწავლებლის პროფესიული განვითარება. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ორი პროცესი გავყოთ, ცალკე იყოს სახელფასო პოლიტიკა, რომელიც, სტატუსების მიუხედავად, ყველა პედაგოგს განუსაზღვრავს ღირსეულ ანაზღაურებას და ცალკე ვიზრუნოთ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე. აქ არავითარ გაუქმებაზე არ არის საუბარი. საუბარია მხოლოდ განვითარებაზე. ღია ვართ, ყველა დარგობრივ ორგანიზაციასთან ერთად, განსაკუთრებით მასწავლებელთა პროფკავშირთან ერთად და სხვა ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად, დავიწყოთ აქტიური მუშაობა ე.წ. სქემის გაუმჯობესებაზე. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩავრთოთ ფართო სასკოლო საზოგადოება. ჩვენ გვინდა, რომ ამ სქემის განახლებაზე დავიწყოთ მუშაობა სახელფასო პოლიტიკის დამოუკიდებლად“, – განაცხადა ამილახვარმა.