პორტუგალიელმა პარლამენტარმა ქართველ კოლეგებს ნარკოდანაშაულის დეკრიმინალიზაციის გამოცდილება გააცნო 
პორტუგალიელმა პარლამენტარმა ქართველ კოლეგებს ნარკოდანაშაულის დეკრიმინალიზაციის გამოცდილება გააცნო 

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე პორტუგალიელ და კანადელ ექსპერტებთან ერთად იმსჯელეს.

ექსპერტებმა ქართველ დეპუტატებს ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე საკუთარი ქვეყნების გამოცდილებას გააცნეს.

როგორც პორტუგალიის პარლამენტის წევრმა რიკარდო ბაპტისტა ლეიტიმ განაცხადა, პორტუგალიაში 90-იანი წლებიდან მწვავედ იდგა ნარკოტიკების მოხმარების პრობლემა და ახალმა კანონმა, რითაც მოხდა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია, მდგომარეობა შეცვალა.

“ჩვენ ქვეყანაში 90იანი წლებიდან მოყოლებული მწვავედ იდგა ნარკოტიკების მოხმარების პრობლემა. ამის გამო გაიზარდა როგორც კრიმინალის, ასევე აივ ინფექციებისა და სხვა ამგვარი გზით გადამდები დაავადებების მაჩვენებელი. ამიტომ გადავწყვიტეთ და მივიღეთ ახალი კანონი, რითა მოხდა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია. შევცვალეთ ხედვა და ადამიანებს ვუყურებდით არა როგორც დამნაშავეებს, რომლებიც უნდა წასულიყვნენ ციხეში, არამედ ვუყურებდით ამ საკითხს ჯანდაცვის პრობლემის ჭრილში. შევიმუშავეთ ახალი სისტემა, რომლის მიზანი იყო რომ აქცენტი ყოფილიყო არა დასჯაზე, არამედ მკურნალობაზე. შედეგად შემცირდა კრიმინალის დონე, პატიმრების რაოდენობა, C ჰეპატიტით დაავადებულთა რაოდენობა და ჯანდაცვის ხარჯები. ჩვენც გვქონდა შიში, რომ ამგვარი მიდგომით მომხმარებელთა რაოდენობა გაიზრდებოდა, თუმცა პირიქით, ეს მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალია”, – განაცხადა რიკარდო ბაპტისტა ლეიტიმ.

როგორც უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია.

“შეხვედრაზე მოწვეულები არიან უცხოელი ექსპერტები, რომლებმაც უშუალოდ გაიარეს ეს გზა თავიანთ ქვეყნებში. ეს ყველაფერი კეთდება, რათა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები და პირველ რიგში პარლამენტის წევრები მაქსიმალურად იყვნენ ინფორმირებულები და მიიღონ პასუხები მათ შორის კრიტიკულ კითხვებზე. პარლამენტში, მათ შორის უმრავლესობაში არა მარტო ამ კანონპროექტზე, არამედ ბევრ სხვა კანონპროექტზეც არის აზრთა სხვადასხვაობა, ეს ბუნებრივი პროცესია. კანონპროექტის ინიციატორები, ვცდილობთ, რომ ჩვენი კოლეგები, ვისაც საწინააღმდეგო აზრი აქვთ, არგუმენტების გაცნობით გადმოვიბიროთ, რათა კანონპროექტს დაუჭირონ მხარი”, – განაცხადა ლევან კობერიძემ.