პოროშენკო სააკაშვილზე - თუ ვინმე აგრესორი ქვეყნის ან მისი სპეცსამსახურების მიერ ფინანსდება, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გარშემო შექმნილი ვითარება საერთაშორისო ყურადღებას არ იმსახურებს.
როგორც გამოცემა Gordon.ua წერს, ამის შესახებ პორშენკომ ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ზოგადად, თუ სააკაშვილთან დაკავშირებით სიტუაციას შევაფასებთ, ის საერთაშორისო ყურადღებას არ იმსახურებს“, – აღნიშნა პოროშენკომ.
როგორც პოროშენკომ განაცხადა, არსებობს კონკრეტული დანაშაულები, რომლებიც ჩაიდინეს.
„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ: პირველი – გამოძიების გამჭვირვალობა, მეორე – საგამოძიებო ორგანოების აბსოლუტური ღიაობა, მიუკერძოებლობა, გამჭვირვალე ღია სასამართლო. ეს არის ის, რაც ჩვენ როგორც სახელმწიფომ უნდა უზრუნველვყოთ. თუ ვინმეს ედება ბრალი, გარბის პატიმრობიდან ან არღვევს კანონს, ან უკანონოდ კვეთს საზღვარს, ამაზე უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა. თუმცა, ის არ უნდა უკავშირდებოდეს ამა თუ იმ პირის პოლიტიკურ საქმიანობას“, – განაცხადა პოროშენკომ.
მისივე თქმით, თუ ვინმე უკანონოდ კვეთს საზღვარს – ეს არასწორია.
“შოკირებული ვიყავი ამ ინფორმაციით: თუ ვინმე ფინანსდება აგრესორი ქვეყნის ან მისი სპეცსამსახურების, ან ოლიგარქების მიერ, რათა სახელმწიფოში სტაბილურობა დაარღვიოს, ამაზე ასევე უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა“, – განაცხადა პოროშენკომ
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ საპროტესტო აქციების დაფინანსებასთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის მიერ წარდგენილ მასალას დამატებითი ექსპერტიზა ჩაუტარდეს.
„დაინტერესებული ვარ, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე – იქნება ის დაკავშირებული სააკაშვილთან, თუ პოროშენკოსთან“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.