ალექსეი დანილოვი - უკრაინის ოლიგარქთა რეესტრში ჯერ არცერთი სახელი არ არის შეტანილი
ალექსეი დანილოვი - უკრაინის ოლიგარქთა რეესტრში ჯერ არცერთი სახელი არ არის შეტანილი

უკრაინის ოლიგარქთა რეესტრში ჯერ არცერთი სახელი არ არის შეტანილი, – ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

„ჩვენთან ჯერ არცერთი ადამიანი არ არის შეყვანილი ოლიგარქთა რეესტრში. საქმე ისაა, რომ ამა თუ იმ პირთა ამ რეესტრში შეყვანა საპასუხისმგებლო საკითხია. ისინი უნდა შეესაბამებოდნენ კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს. თუმცა, ჩვენ ომის მდგომარეობაში ვიმყოფებით და დღეს ძალიან რთულია იმის გაგება, რა დაემართა ამა თუ იმ აქტივს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. დღეს რთულია, გაიგო, რა ელოდება ამა თუ იმ აქტივს, რომელიც დაბომბვის ქვეშაა“, – განაცხადა დანილოვმა.

დანილოვის თქმით, ოლიგარქთა სიაში შესაყვანი პრეტენდენტების სია, რომელიც გასულ წელს 86 სახელს ითვლიდა, აღნიშნული პირების შემდგომი შემოწმების შედეგად შემცირდა.

რაც შეეხება ოლიგარქების შესახებ კანონის მიმართ ვენეციის კომისიის კრიტიკას, დანილოვმა აღნიშნა, რომ ამ „პატივსაცემ დაწესებულებას“ უნდა ესმოდეს, რომ ეს დოკუმენტი უკრაინისთვის ეროვნული უსაფრთხოების საკითხს წარმოადგენს.

უკრაინის რადამ პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კანონი ოლიგარქების შესახებ 2021 წლის სექტემბერში მიიღო, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას 2021 წლის ნოემბერში მოაწერა ხელი.

2023 წლის ივნისში ვენეციის კომისიამ აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით შეფასება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, კანონს აქვს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების პოტენციალი.