„ინსაიდერის“ ცნობით, კრემლთან დაახლოებულ რუს ოლიგარქებს ლატვიაში დღემდე აქვთ ბიზნესი
„ინსაიდერის“ ცნობით, კრემლთან დაახლოებულ რუს ოლიგარქებს ლატვიაში დღემდე აქვთ ბიზნესი

გამოცემა „ინსაიდერის“ ცნობით, კრემლთან დაახლოებულ რუს ოლიგარქებს დღემდე აქვთ ბიზნესი ლატვიაში. საუბარია ისკანდერ მაჰმუდოვსა და ანდრეი ბოკარევზე, რომელთა კომპანიები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტორები იყვნენ.

„ინსაიდერის“ მონაცემებით, რუსი მილიარდერები, 2017 წლის მონაცემების მიხედვით, ფლობდნენ წილებს „კალაშნიკოვის“ კონცერნში, ხოლო მათი „კოლომენის ქარხანა“ აწვდიდა დიზელს რუსულ სამხედრო ხომალდებს. მათი ახლო პარტნიორი იყო რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოქმედი მოადგილე ალექსეი კრივორუჩკო.

მაჰმუდოვისა და ბოკარევის რუსულ აქტივებს შორის სახელდება ურალის სამთო-მეტალურგიული კომპანია „კუზბასრაზერზუგოლი“, „ტრანსმაშჰოლდინგი“, რომლებიც რუსეთში ყველაზე მსხვილი კონტრაქტორები არიან.

„ინსაიდერმა“ ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ ლატვიაში რუსი მილიარდერები ფლობენ რიგის ელექტრომანქანათმშენებელ ქარხანა „რერს“ და მის შვილობილ კომპანია „ლატვოს“, რომელიც ტექნიკითა და აღჭურვილობით საბითუმო ვაჭრობაშია ჩართული. „რერის“ წლიური ბიუჯეტი 2021 წელს 33 მილიონ ევროს აღწევდა. კომპანია მთელ ევროპაში მუშაობს და დაფინანსებას იღებს ევროკავშირიდან. მაგალითად, მაისში „რერმა“ ჩეხეთს მიჰყიდა ახალი ელექტროძრავი ტროლეიბუსებისა და ელექტრონული ავტობუსებისთვის.

გამოცემის ცნობით, მაჰმუდოვიც და ბოკარევიც ნასამართლევი არიან. მათ კრიმინალური ფულის გათეთრებაში ედებოდათ ბრალი. ამ ფაქტებზე საქმეები აღძრული იყო გერმანიასა და ესპანეთში 2007-2008 წლებში.

მიუხედავად ამისა, ორივე რუსი მილიარდერი მხოლოდ დიდი ბრიტანეთის სასანქციო სიაშია შეყვანილი.