პოროშენკო - რუსეთი მხოლოდ უკრაინით, საქართველოთი და სირიით არ დაკმაყოფილდება
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლებს მოუწოდა, კარი გაუღონ უკრაინას, როგორც ევროპულ სახელმწიფოს, რომელიც მსოფლიოს ყველაზე დიდი აგრესორი ქვეყნის სამიზნედაა ქცეული.
ბავარიაში ჩასულმა პეტრო პოროშენკო მსოფლიო ლიდერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს რუსეთის აგრესიაზე 20-წუთის განმავლობაში ესაუბრა. უკრაინის პრეზიდენტმა დასავლურ სახელმწიფოებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან მსოფლიოს შეახსენა, რომ დღეს რუსეთის ჰიბრიდული ომის ტაქტიკას არც ერთი სახელმწიფო ისე კარგად არ იცნობს, როგორც უკრაინა.
„იმისთვის, რომ გაიგოთ, რა არის რუსული სამყარო და რუსული ამბიციები, რუსეთს უნდა იცნობდეთ კარგად. ეს არის დასავლური ფასეულობათა სისტემის ალტერნატივა, რომელიც კონფრონტაციაში მოდის ყველაფერ დასავლურთან. რუსული პოლიტიკური სამყარო მთლიანად სიცრუეზეა აგებული. ყველაფერი, რასაც რუსეთი ეხება ინგრევა და ნადგურდება. ამის მაგალითია საქართველოს ოკუპირებული რეგიონები – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, დნესტრისპირეთი, დონბასი, ყირიმი და ახლა უკვე სირია. რუსეთს სძულს თავისუფალი ერები, რადგან არ ესმის რაც ნიშნავს იყო თავისუფალი. რუსეთის მთავრობა ვერ ეგუება საბჭოთა კავშირის დაშლას და ამიტომაც, მისი მიზანია დაიკმაყოფილოს ამბიციები, ანუ დაიპყროს მეზობელი სახელმწიფოები“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
უკრაინის პრეზიდენტმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას რუსი მწერლის, ალექსანდრე სოლჟენიცინის სიტყვები ციტატად მოიყვანა.
„სოლჟენიცინი ამბობდა, რომ ძალადობა მხოლოდ სიცრუით საზრდოობს, სიცრუე კი ძალადობით. ეს ფრაზა რუსულ დოქტრინას სრულად ასახავს, რადგან რუსეთი ვერ იტანს სიმართლეს და ამის ნათელი მაგალითია ის ბოროტება, რასაც სირიაში რუსეთი ჩადის, ან რაც წარსულში ჩაიდინა დონბასსა და მის მეზობელ ქვეყნებში“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან სიტყვით გამოსვლის დროს ევროკავშირის დროშა გაშალა, რომელიც მისი თქმით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა დონეცკიდან რამდენიმე კილომეტრში აღმართეს.
„ეს დროშა არის დონეცკიდან, სადაც რუსეთის გამო ჰუმანიტარული კატასტროფა ტრიალებს და ჩემმა ჯარისკაცებმა ეს დროშა აღმართეს, როგორც სიმბოლო იმისა, რომ უკრაინა ევროპის ნაწილია“, – აღნიშნა მან.
პეტრო პოროშენკომ მინსკის შეთანხმებაზეც იმსჯელა. მან ხაზი გაუსვა კიევის უმთავრეს მოთხოვნას, შეასრულოს რუსეთმა 2015 წელს ნაკისრი ვალდებულებები და ოკუპირებულ დონბასში გაეროს მშვიდობისმყოფელებს მონიტორინგის და მუშაობის საშუალება მისცეს, ასევე, გაიყვანოს რუსი სამხედროები უკრაინის ტერიტორიიდან, როგორც ნორმანდიულ ოთხეულს შორის გაფორმებული დოკუმენტი ითვალისწინებს.
„რუსეთი მხოლოდ უკრაინით, საქართველოთი და სირიით არ დაკმაყოფილდება, არამედ ოკუპირებული ტერიტორიების გაფართოებას მოინდომებს. კრემლის პოლიტიკა თავისი პროპაგანდითა და ამბიციებით, ცრუ ინფორმაციითა და ჰიბრიდული ომით მთელ ევროპას ემუქრება, როგორც სტაბილურობისა და მშვიდობის კონტინენტს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ რუსეთს სძულს დასავლური ღირებულებები. როდესაც რუსეთი მისი მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტს ლახავს, სინამდვილეში მას არა ტერიტორია, არამედ მისი ღირსების და ღირებულებების ფეხქვეშ გათელვა სურს“, – განაცხადა პოროშენკომ.
პეტრო პოროშენკომ ემოციური გამოსვლის დროს დასავლეთს მოუწოდა, განაგრძონ ზეწოლა რუსეთზე, რომლის დასუსტება სწორედ იზოლაციითა და სანქციებით არის შესაძლებელი.
„უკრაინა არის ბრძოლის ველი რუსეთის იმპერიალიზმსა და დასავლურ ღირებულებებს შორის. ამიტომაც, აუცილებელია, უკრაინა წინ აღუდგეს რუსულ პროპაგანდას, გატარდეს რეფორმები, დაცული იქნას კანონის უზენაესობა და გაძლიერდეს თავდაცვისუნარიანობა. ჩვენ ამას ვასრულებთ კიდეც. ბოლო წლებში უკრაინის ისტორიაში ყველაზე მეტი რეფორმა გატარდა. ამიტომაც, გთხოვთ, გახსნათ ევროკავშირის კარი უკრაინისთვის. ჩვენ არ ვიპყრობთ სხვის ტერიტორიას, არამედ ჩვენ ვიცავთ ჩვენ მიწას“, – განაცხადა პოროშენკომ.