პოლონეთმა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა Patriot-ის განთავსების შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა
პოლონეთმა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა Patriot-ის განთავსების შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.
ვარშავაში გამართულ ხელმოწერის ცერემონიას პოლონეთის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ესწრებოდნენ.
პოლონეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის, მარიუშ ბლაშაკის თქმით, სარაკეტო სისტემების განთავსებასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ხდება ტექნოლოგიების გადაცემაც.
„ეს სისტემა შეძენილია პოლონეთის არმიისთვის, რადგან პოლონეთში განთავსებულია ნატო-სა და აშშ-ის ჯარები. სისტემა უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და აშშ-ის არმიასთან ინტეგრაციას. ჩვენ 4 მილიარდ 750 მილიონი დოლარი გადავიხადეთ. ეს კარგი ფასია“, – აღნიშნა ბლაშაკმა.
პოლონეთს აშშ-ის სარაკეტო სისტემა ეროვნული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა „ვისლას“ განვითარებისთვის სჭირდება. სისტემის განთავსება 2022 წლიდან დაიწყება და 2024 წელსაც გაგრძელდება. ორი ფაზის ფარგლებში, პოლონეთი 16 გამშვებ დანადგარს, 208 რაკეტას, რადარებით აღჭურვილ 4 რადიოლოკაციურ სადგურს მიიღებს.