მევლუთ ჩავუშოღლუ - აშშ-ის გაფრთხილების მიუხედავად, თურქეთი უარს არ იტყვის რუსული სარაკეტო თავდაცვითი სისტემის შეძენაზე
მევლუთ ჩავუშოღლუ - აშშ-ის გაფრთხილების მიუხედავად, თურქეთი უარს არ იტყვის რუსული სარაკეტო თავდაცვითი სისტემის შეძენაზე

თურქეთი არ დაიხევს უკან და მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატების გაფრთხილებისა, უარს არ იტყვის რუსული სარაკეტო თავდაცვითი სისტემის შეძენაზე, – ეს განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკეთა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

რამდენიმე დღის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრობის მოვალეობის შემსრელებელმა, პატრიკ შანაჰანმა თურქ კოლეგას წერილი გაუგზავნა, სადაც ის გააფრთხილა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთისგან სარაკეტო თავდაცვით სისტემებს შეიძენდა, ანკარა „ეფ-35“-ის პროგრამას გამოეთიშებოდა.

„თურქეთი ასეთი წერილებით უკან არ დაიხევს. ჩვენ შევიძინეთ „s-400“. მალე ჩამოიტანენ და განათავსებენ“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ამ განცხადებამდე პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთმა უკვე დაასრულა გარიგება რუსეთთან და სარაკეტო თავდაცვით სისტემებს თურქეთში ივლისში ჩაიტანენ.