თურქეთმა რუსული საზენიტოსარაკეტო სისტემა „ეს-400“-ის პირველი ნაწილი მიიღო
თურქეთმა რუსული საზენიტოსარაკეტო სისტემა „ეს-400“-ის პირველი ნაწილი მიიღო

თურქეთმა რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემა „ეს-400“-ის პირველი ნაწილი მიიღო.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემის კომპონენტები ანკარას პროვინციის მურტედის საჰაერო ბაზაზე ჩავიდა.

თურქეთი, ბელარუსისა და ჩინეთის შემდეგ მესამე ქვეყანა გახდა, სადაც რუსეთმა „ტრიუმფი“ განათავსა.

თურქეთის მიერ რუსული თანამედროვე სისტემის შესყიდვამ საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია. აშშ-მა თურქეთს მოუწოდა, უარი ეთქვა რუსულ სარაკეტო სისტემაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაშინგტონმა შესაძლოა, ანკარას „ეფ-35“-ის პროგრამაში წვდომა შეუზღუდოს. თურქეთმა დათმობაზე უარი თქვა.

„ეს-400“ შორ მანძილზე მოქმედი უახლესი სისტემაა, რომელიც ავიაციის, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების, ასევე სახმელეთო ობიექტების განადგურებისთვისაა განკუთვნილი. რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემა 400 კილომეტრის რადიუსში მოქმედებს და სამიზნის განადგურება 30 კილომეტრის სიმაღლეზე შეუძლია.