პოლონეთის სეიმის თავმჯდომარე დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და საქართველოს მოქალაქეებს სამძიმარს უცხადებს
პოლონეთის სეიმის თავმჯდომარე მარეკ კუჩინსკი თბილისში, დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და საქართველოს მოქალაქეებს სამძიმარს უცხადებს.
შესაბამისი განცხადება პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა.
„გასული ღამით თბილისში საცხოვრებელ კორპუსში გაზის აფეთქებასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც ტრაგიკულად დაიღუპა ოთხი ადამიანი, სამძიმარს ვუცხადებ მსხვერპლთა ოჯახებსა და ახლობლებს, ასევე საქართველოს მოქალაქეებს“, – წერს მარეკ კუჩინსკი.
აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა რვა ადამიანი. ექვსი მცირეწლოვნიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება. კლინიკა ასევე დატოვა ორმა ზრდასრულმა პირმაც, რომლებიც შემთხვევის შედეგად დაშავდნენ. აფეთქების შედეგად დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. საქმეზე დღეს სამშენებლო კომპანია „ლ ჯგუფის“ დირექტორი, მშენებლები და „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები გამოკითხეს.