პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - რუსეთი სმოლენსკის ტრაგედიაზე ინფორმაციას მალავს
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ რუსეთი სმოლენსკის ტრაგედიის შესახებ ინფორმაციას მალავს. ბარტოშ ჩიხოცკის კომენტარს პოლონური საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.
„რუსული მხარის ქმედებები, უარი საგამოძიებო მოქმედების წარმოების დროს დახმარებაზე, მთავარი მოწმეების დამალვა და თვითმფრინავის ნაწილების გადმოცემაზე უარი – ეს ყველაფერი არ უწყობს ხელს სიმართლის დადგენას“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბარტოშ ჩიხოცკიმ.
პოლონეთის საგარეო უწყების კომენტარი რუსეთის პრეზიდენტის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. ვლადიმერ პუტინმა სმოლენსკის ტრაგედიაზე წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც პოლონელმა ჟურნალისტმა კითხვა ავიაკატასტროფის შესახებ დაუსვა.
„აფეთქებას ადგილი არ ჰქონია. პოლონურმა და რუსმა ექსპერტებმა გამოძიება ჩაატარეს. ისე უკვე დროა, რომ პოლონეთი გაიზარდოს, ამ თემას გასცდეს და ახალი ფურცელი გადაშალოს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
სმოლენსკის ტრაგედიიდან შვიდი წელი გავიდა. თვითმფრინავი „ტუ-154“ რუსეთის ქალაქ სმოლენსკში ჩამოვარდა. დაიღუპა ბორტზე მყოფი 96 ადამიანი. სმოლენსკის ტრაგედიას ემსხვერპლა პოლონეთის იმდროინდელი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი მეუღლე მარია, პოლონეთის პოლიტიკური და სამხედრო ელიტის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრები.