პოლონეთის მოქალაქეები აშშ-ში უვიზოდ მოგზაურობას დღეიდან შეძლებენ. როგორც პოლონური მედია იუწყება, 11 ნოემბრიდან პოლონეთს შეიყვანენ იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებიც აშშ-ში 90 დღის განმავლობაში ვიზის გარეშე ჩადიან.
შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური განცხადება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს თავმჯდომარე კევინ მაკლინანმა გააკეთა. მისი თქმით, პოლონელებს დღეიდან 90 დღის ვადით ტურიზმის და ბიზნესის მიზნით აშშ-ში ჩასასვლელად ვიზა არ დასჭირდებათ.
სიმბოლურია, რომ ეს გადაწყვეტილება პოლონეთის დამოუკიდებლობის დღეს დაამთხვიეს.
როგორც პოლონური მედია განმარტავს, პოლონეთის მოქალაქეებს მოუწევთ ელექტრონულ ავტორიზაციის სისტემაში რეგისტრაცია და აშშ-ში გამგზავრებისთვის თანხმობის მიღება. ამასთან, მათ უნდა ჰქონდეთ ბიომეტრიული პასპორტი და დასაბრუნებელი ბილეთი.
ელექტრონული ავტორიზაციის სისტემაში რეგისტრაცია 14 დოლარი ღირს. შედარებისთვის, ვიზის მიღება 160 დოლარი ჯდებოდა. მგზავრობისთვის თანხმობის მისაღებად საშუალოდ 20 წუთია საკმარისი.
შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ პოლონეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის ვიზაზე უარის პროცენტული მაჩვენებელი 3%-ს მიუახლოვდა, რაც აშშ-თან უვიზო მიმოსვლის შესახებ პროგრამაში მოხვედრის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია.