უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობის არაკეთილსინდისიერად გამოყენების პრევენციისთვის პარლამენტში სპეციალურ კანონს მიიღებენ
უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობის არაკეთილსინდისიერად გამოყენების პრევენციისთვის პარლამენტში სპეციალურ კანონს მიიღებენ

უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობის არაკეთილსინდისიერად გამოყენების პრევენციისთვის პარლამენტში სპეციალურ კანონს მიიღებენ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დღეს პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა“ და „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

კანონპროექტის მიხედვით, ქართველ პოლიციელს მიეცემა შესაძლებლობა საზღვარზე შეაჩეროს შენგენის ზონასა და ევროკავშირში მიმავალი მოქალაქე თუ მას წესრიგში არ ექნება შესაბამისი დოკუმენტაცია.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, კანონპროექტის მიზანია საქართველოს უვიზო რეჟიმის შეჩერების რისკების მინიმუმამდე დაყვანა.

„ვიწყებთ საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას, რომლითაც ჩვენს პოლიციელებს საზღვარზე მიენიჭებათ იგივე უფლება, რაც აქვთ შენგენის ზონაში ევროკავშირში მესაზღვრე პოლიციელებს. ანუ საქართველოს პოლიციელს შეეძლება საქართველოდან შენგენის ზონაში წამსვლელი მოქალაქის შეჩერება იმ შემთხვევაში თუ მას არ აქვს წესრიგში დოკუმენტაცია, პასპორტი, ვერ ასაბუთებს სად მიდის და როდის ბრუნდება უკან. რა თქმა უნდა, აქ სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა არ ექნება არავის. დისკრეცია ექნება მინიმალური და ეს ემსახურება იმას, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა მომავალში, პერსპექტივაში იყოს აბსოლუტურად დაცული და ჩვენ შევასრულოთ უვიზო მიმოსვლის შეთანხმების ის პირობები და ის კრიტერიუმები, რაც იმთავითვე იყო გათვალისწინებული, ვიდრე განხილვას დავიწყებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ასევე, სისხლის სამართლებრივად დასჯადი გახდება საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან უკანონო გადაყვანა, რაც სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო აღნიშნული ქმედების ჩადენა ორგანიზებული ჯგუფის მიერ შვიდიდან ათ წლამდე პატიმრობას.

„ცვლილებებში, ასევე გათვალისწინებულია, რომ დასჯადი გახდეს საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ორგანიზება, რაც ბუნებრივია შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. წარსულში იდენტიფიცირებულები იყვნენ ორგანიზაციები და ფიზიკური პირებიც, რომლებიც ანგარებით გარკვეული საფასურის სანაცვლოდ ჩვენს თანამოქალაქეებს საზღვარზე უკანონოდ გადაყვანას უორგანიზებდნენ. ბუნებრივია ეს შეიცავს ტრეფიკინგის რისკებს. არაერთი ჩვენი თანამოქალაქე, ესე უკანონოდ გადაყვანის შემდეგ აღმოჩნდა დიდი საფრთხის ქვეშ საზღვარგარგარეთ. შესაბამისად, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ეს საკითხი დავარეგულიროთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცვლილებები არ შეეხებათ ემიგრაციაში მყოფ თანამოქალაქეებს.