პოლონელი დეპუტატი - საქართველომ დაამტკიცა, გახდეს ევროპული პოლიტიკური ოჯახის წევრი
პოლონელი დეპუტატი - საქართველომ დაამტკიცა, გახდეს ევროპული პოლიტიკური ოჯახის წევრი

საქართველომ დაამტკიცა, რომ ის არის განუყოფელი ნაწილი არა მხოლოდ ევროპული კულტურის, ცივილიზაციისა და ისტორიის, არამედ ნამდვილი კანდიდატი იმისა, რომ გახდეს ევროპული პოლიტიკური ოჯახის წევრი, – ამის შესახებ პოლონელმა დეპუტატმა რიხარდ ჩარნეცკიმ სტრასბურგში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენთვის სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ამ დრომდე საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. ვერასდროს მივიღებთ რუსულ ოკუპაციას. ვფიქრობთ, რომ სამომავლოდ საერთაშორისო საზოგადოება კვლავ გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში ამ ტერიტორიებზე კონტროლს საქართველოს მთავრობა დაიბრუნებს“,- განაცხადა პოლონელმა დეპუტატმა.

სტრასბურგში ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის პირველი დღე დასრულდა. კომიტეტი ორდღიან მუშაობას 28 მარტს შეაჯამებს და საბოლოო განცხადებას მიიღებს, რომელიც საქართველოსთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს. განსაკუთრებული აქცენტი განცხადების ტექსტში ოკუპირებულ ტერიტორიებზე კეთდება.