ჩეხი დეპუტატი - ვაფასებთ საქართველოს პოლიტიკურ სტაბილურობას, კარგ ეკონომიკურ გარემოს რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით
ჩეხი დეპუტატი - ვაფასებთ საქართველოს პოლიტიკურ სტაბილურობას, კარგ ეკონომიკურ გარემოს რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით

საქართველოს ტერიტორიები ამ დრომდე ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და ეს არის ის, რასაც ვერასდროს დავეთანხმებით, – ამის შესახებ ჩეხმა დეპუტატმა იან ზაჰრადილმა სტრასბურგში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„მჯერა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ძალიან კარგი და ინტენსიური ურთიერთობაა. ის დამყარებულია ყოვლისმომცველ და კომპლექსური შეთანხმების საფუძველზე. ბუნებრივია, გეოგრაფიულად საქართველო კარგ მდგომარეობაში არ არის. მას ჰყავს დიდი და ძალიან არამეგობრული მეზობელი. მისი ტერიტორიები ამ დრომდე ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და ეს არის ის, რასაც ჩვენ ვერასოდეს დავეთანხმებით.

ამასთან, ჩვენ გვაქვს უმაღლესი დონე ეკონომიკური ურთიერთობებისა. ვაფასებთ საქართველოს პოლიტიკურ სტაბილურობას. ვაფასებთ მის კარგ ეკონომიკურ გარემოს რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით. იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება. ევროპული მხარე სრულად მზადაა იმისათვის, რომ უფრო გაღრმავდეს და გაიზარდოს ეს ურთიერთობები“,- განაცხადა ჩეხმა დეპუტატმა.

სტრასბურგში ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის პირველი დღე დასრულდა. კომიტეტი ორდღიან მუშაობას 28 მარტს შეაჯამებს და საბოლოო განცხადებას მიიღებს, რომელიც საქართველოსთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს. განსაკუთრებული აქცენტი განცხადების ტექსტში ოკუპირებულ ტერიტორიებზე კეთდება.