მარინა კალიურანდი ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-10 შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მარინა კალიურანდი ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-10 შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებას, ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, მოახდინოს შემდგომი ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან სხვადასხვა სფეროში, – ამის შესახებ აღნიშნულია სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარის, მარინა კალიურანდის განცხადებაში, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-10 შეხვედრასთან დაკავშირებით გავრცელდა.

„ევროპარლამენტმა და საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის 10 თებერვალს ბრიუსელში გამართეს თავიანთი საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-10 შეხვედრა, ჩვენ კმაყოფილებით აღვნიშნეთ, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერა კვლავ ძალიან მაღალია საქართველოში, მოსახლეობაში და პარტიულ ხაზს მიღმა.

მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებას, ასოცირების შეთანხმების შესაბამისად მოახდინოს შემდგომი ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან სხვადასხვა სფეროში. ამის მიუხედავად აღვნიშნეთ, რომ სიტუაცია ჯერ კიდევ შეიძლება გაუმჯობესდეს, როდესაც საქმე ეხება გარკვეულ სფეროებს, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულებას, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, ასევე მოწყვლადი ჯგუფებისა და უმცირესობების დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას“,- აღნიშნულია კალიურანდის განცხადებაში.

ევროპარლამენტარის თქმით, მიესალმებიან საკანონმდებლო ცვლილებებს ქალთა პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის გაზრდის მიზნით სავალდებულო გენდერული კვოტების შემოღებასთან დაკავშირებით, ასევე შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის მიღებას.

„ვაღიარებთ ევროკავშირის ამბიციური ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის სწრაფ მიღებას აღმოსავლეთ პარტნიორებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, რომელიც მიზნად ისახავს ვაჭრობის, ეკონომიკური ზრდისა და სამუშაო ადგილების ხელშეწყობას, ეკონომიკურ ურთიერთობებში ინვესტირებას, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას, მწვანე და ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლის მხარდაჭერას და სამართლიანი, გენდერულად თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოებების ხელშეწყობას. მივესალმებით ევროკავშირის უწყვეტ ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას საქართველოსთვის. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შემდგომი თანხები რეფორმების არსებითი პროგრესით უნდა იყოს განპირობებული, მათ შორის, როდესაც საქმე ეხება კანონის უზენაესობას და სასამართლოს დამოუკიდებლობას“,- აცხადებს ევროპარლამენტარი.

როგორც კალიურანდი ამბობს, განიხილეს ყოვლისმომცველი რეფორმების კომპლექსი, რომელსაც, მისივე თქმით, საქართველო ახორციელებს ასოცირების შეთანხმების შესრულებისას, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონა.

„ჩვენ მივესალმებით უკვე მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნას სრულად გამოიყენოს ასოცირების შეთანხმება, მათ შორის ევროკავშირთან ეტაპობრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის ახალი შესაძლებლობების შექმნით.

იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყნები „კოვიდ-19“-ის პანდემიის ახალი ტალღით მძიმედ დაზარალდნენ, ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის სამაგალითო სოლიდარობას საქართველოსთან მიმართებაში ამ მძიმე დროში, მხარს ვუჭერთ მის ჯანდაცვის სექტორს და ვაქცინაზე წვდომას COVAX პლატფორმის, ან პირდაპირი მიწოდების გზით. ჩვენ დაჟინებით მოვითხოვდით ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობას ყალბი ნარატივების აღმოსაფხვრელად.

ვაღიარეთ ის ფაქტი, რომ საქართველოში კანონით აკრძალულია ყველა სახის დისკრიმინაცია. მიუხედავად ამისა, „ლგბტქი+“ პირების მდგომარეობა კვლავ გამოწვევად რჩება, რომელსაც ტრაგიკულად ასახავს 50-ზე მეტ ჟურნალისტსა და მშვიდობიან დემონსტრანტზე ძალადობრივი თავდასხმა, რამაც 2021 წლის 5 ივლისს თბილისის პრაიდის მარში გააუქმა. ამ შემთხვევაში, ჩვენ ველით, რომ ორგანიზატორები და დამნაშავეები სასამართლოს წინაშე წარდგნენ საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.

შეხვედრის დროს ასევე გამოვთქვით შეშფოთება 2020 წლის საკანონმდებლო და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ხარვეზებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩამოთვლილია ეუთო/ოდირ-ის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციაში; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა განგრძობადი დანიშვნები; საერთო სასამართლოების ბოლოდროინდელი რეფორმა; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაჩქარევი გაუქმება; და საკონსტიტუციო რეფორმის ნელი პროგრესი.ჩვენ გავიხსენეთ, რომ დაპირებული გამოძიება საქართველოს საზოგადოების ფართო ნაწილსა და დიპლომატებზე, მათ შორის ევროკავშირის ელჩის მოსმენებზე, მკაფიო პასუხის გაცემას საჭიროებს უახლოეს მომავალში.

ღრმა მწუხარებით, ჩვენ კვლავ დავადგინეთ პოლიტიკური და მედია-ლანდშაფტების პოლარიზაცია, როგორც მთავარი გამოწვევა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, და ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ 19 აპრილის შეთანხმება, რომელსაც შუამავლობდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, კვლავ აგრძელებს ევროპული გზის შეთავაზებას საქართველოში უფრო ძლიერი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მშენებლობის მიმართულებით, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ გავიმეორეთ ევროპარლამენტის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ჟან მონეს დიალოგის, როგორც საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის გზას“,- აღნიშნავს კალიურადნი.

მისივე თქმით, კიდევ ერთხელ გაიმეორეს მათი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„ჩვენ დავგმეთ რუსეთის ფედერაციის მიერ გადადგმული უკანონო ნაბიჯები, რამაც გამოიწვია უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის შემდგომი გაუარესება აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში. შევაქეთ საქართველოს ხელისუფლება მათი პრაგმატული „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ სამშვიდობო ინიციატივის გამო. ხაზი გავუსვით კონფლიქტის გამო დაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის მნიშვნელობას და გამოვთქვით სრული მხარდაჭერა ევროკავშირის მცდელობებისთვის, ხელი შეუწყოს მშვიდობიანი კონფლიქტის მოგვარებას სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში მისი სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობითა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიით საქართველოში.

და ბოლოს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენი შეხვედრა გაიმართა გაზრდილი დაძაბულობის ფონზე, რომელიც გამოწვეული იყო რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებებითა და მუქარით უკრაინისა და ნატოს წინააღმდეგ, ჩვენ დაჟინებით ვამტკიცებდით, რომ ჩვენი პარტნიორების მიერ არჩეული ევროატლანტიკური გზა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და თითოეულ სუვერენულ ქვეყანას უფლება აქვს დაუბრკოლებლად გადაწყვიტოს საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსი და უსაფრთხოების მოწყობა“,- აღნიშნულია მარინა კალიურანდის განცხადებაში.