ევროპარლამენტარი ლენა შილინგი - ნამდვილად მინდა, საქართველო გახდეს ევროკავშირის ნაწილი, ამისთვის უნდა დავიცვათ დემოკრატია, მზია ამაღლობელის საქმე აჩვენებს, რომ დემოკრატიები საფრთხეშია
ნამდვილად მინდა, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზას, რამდენიმე წელიწადში გახდეს ევროკავშირის ნაწილი, მაგრამ ამისთვის ჩვენ უნდა დავიცვათ დემოკრატია. მზია ამაღლობელის საქმე აჩვენებს, რომ დემოკრატიები საფრთხეშია, – ამის შესახებ ავსტრიელმა ევროპარლამენტარმა, ლენა შილინგმა განაცხადა, რომელიც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ესწრებოდა.
ლენა შილინგის თქმით, ევროპარლამენტის წევრების პასუხისმგებლობაა, ყურადღებით დააკვირდნენ, რა ხდება საქართველოში.
„პოლიტიკური საქმე და საკითხია, დავიცავთ თუ არა ევროპულ ღირებულებებს, დემოკრატიას. მე აქ ვარ, რადგან მნიშვნელოვნად მიმაჩნია იმის თქმა, რომ თავად ვიყავი ერთხელ აქტივისტი, სადღაც სტიკერი დავაკარი და ახლა ვარ ევროპარლამენტის წევრი და არა დაპატიმრებული. ამ საქმეს თვალყურს ადევნებენ და ყურადღებით აკვირდებიან ევროპაშიც. ეს არის რაღაც, რასაც ჩვენ ვხედავთ მთელ მსოფლიოში. არიან გამბედავი ქალები და ჟურნალისტები, რომლებიც აზრს გამოთქვამენ, მუშაობენ დემოკრატიებისთვის და მათ განსხვავებულად ეპყრობიან. ეს საქმე არ დგას განცალკევებულად. მე ვეწვიე აზერბაიჯანს კლიმატის კონფერენციის დროს, თვალს ვადევნებდი სხვა ჟურნალისტის საქმეს, რომელიც იქ დაპატიმრებულია და ჩვენ უნდა დავინახოთ გავლენა იქ, რომელსაც რუსეთი ახდენს. მინდა, ვთქვა, რომ ეს საკმაოდ ნათელია, რუსეთი ახდენს გავლენას იმაზე, როგორ შეუძლიათ ჟურნალისტებს მუშაობა, განსაკუთრებით ქალებს, რომლებსაც ჰყოფნით გამბედაობა აზრის გამოთქმისთვის.
ეს არ არის ერთეული შემთხვევა. ეს ყველგან ხდება და ჩვენ შეგვიძლია, დავინახოთ, როგორ შეიძლება, დასრულდეს ეს. ნამდვილად მინდა, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზას, რამდენიმე წელიწადში გახდეს ევროკავშირის ნაწილი, მაგრამ ამისთვის ჩვენ უნდა დავიცვათ დემოკრატია. ეს საქმე აჩვენებს, რომ დემოკრატიები საფრთხეშია. ეს არის პოლიტიკური საქმე. უმეტეს ქვეყანაში, უმეტეს ევროპულ ქვეყანაში ეს არ არის სისხლის სამართლის საქმე. მნიშვნელოვანია ამის თქმა. ჩვენი, როგორც ევროპარლამენტის წევრების პასუხისმგებლობაა, ყურადღებით დავაკვირდეთ, რა ხდება აქ. ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რომ მზია ამაღლობელის საქმე არის ერთ-ერთი, რომელსაც შეუძლია, იმედი მოგვცეს, რადგან ის კვლავ გამბედავია. ასევე, აქ ვარ მის მხარდასაჭერად, ასევე იმისთვის, რომ მხარი დავუჭირო ქალებს, რომლებიც აქ არიან აზრის გამოსახატად. ეს არის რაღაც, რაც უნდა გავაკეთოთ და მე ამას გავაკეთებ ევროკავშირის, ევროპარლამენტის ფარგლებში. არ შევწყვეტ ამას, ვიდრე მზია ჯერ კიდევ იბრძვის“, – განაცხადა ლენა შილინგმა.