კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ხელი შეუშალოს ქვეყნის წინსვლას, როგორც ამას აკეთებდნენ ვიზალიბერალიზაციის მიღების დროს
კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ხელი შეუშალოს ქვეყნის წინსვლას, როგორც ამას აკეთებდნენ ვიზალიბერალიზაციის მიღების დროს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ხელი შეუშალოს ქვეყნის წინსვლას, როგორც ამას აკეთებდნენ ვიზალიბერალიზაციის მიღების დროს. ამის შესახებ კალაძემ ფეისბუქლაივის დროს ისაუბრა.

„ჩვენ გვახსოვს, ვიზალიბერალიზაციის პროცესი როდესაც მიმდინარეობდა, მაშინაც როგორ დარბოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, რომ ქვეყანას ეს ვიზალიბერალიზაცია არ მიეღო და ისინი შეეცდებოდნენ, ეს გამოეცხადებინათ „ქართული ოცნების“ მარცხად. ისე შეფუთავდნენ ყველაფერს, თითქოს ეს „ქართული ოცნების“ ბრალი იყო. იგივე მცდელობა ჰქონდათ ახლა, რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვათ.

ჩვენ ძალინ დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, მნიშვნელოვანი რეფორმები ხორციელდება ქვეყანაში და ეს, რა თქმა უნდა, აისახება ჩვენი ქვეყნის იმიჯზე და ეს მიდგომა და დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება. თუმცა, ნამდვილად ამაზრზენი იყო ის განცხადებები, რაც მოვისმინეთ, როგორი ბედნიერები იყვნენ, რომ ეს დეკლარაცია ჩავარდა“,- განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, გულდასაწყვეტია ფაქტი, რომ ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მოხარულები არიან იმით, რომ ქვეყანაში რაღაც არ გაკეთდეს.

„უბრალოდ, გულდასაწყვეტია, რომ ქვეყანაში არსებობს ასეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პირდაპირ მოხარულები არიან იმით, რომ რაღაც არ გაკეთდეს, უკეთესობისკენ არ გადაიდგას ნაბიჯი. არაუშავს, ეს საინტერესოა ზოგადად. საზოგადოება ყველაფერს ხედავს და არჩევნები იმიტომ არის მნიშვნელოვანი. 2020 წლის არჩევნებზე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ქართველი ხალხი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. ძალიან კარგად იცის ხალხმა, ვინ რას წარმოადგენს, რომელ პოლიტიკურ პარტიას რა ხედვები აქვს ჩვენი ქვეყნის მიმართ. ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე“,- განაცხადა კახა კალაძემ.

სტრასბურგში ევროკავშირი-საქართველოს ​ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ. როგორც სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რეზოლუციის ჩავარდნა ოპოზიციის ძალისხმევის შედეგია და მათი ქმედებები ანტისახელმწიფოებრივია.

დატოვე კომენტარი