პოლიტოლოგი გია აბაშიძე - 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ სიტუაციური მოკავშირეა
პოლიტოლოგი გია აბაშიძე - 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ სიტუაციური მოკავშირეა

პოლიტოლოგმა გია აბაშიძემ დღეს მედიას წარუდგინა კვლევა სახელწოდებით – „ნაციონალური მოძრაობის“ შეღწევა სამოქალაქო სექტორში“.

როგორც გია აბაშიძემ აღნიშნა, კვლევა მიზნად ისახავს, ღია წყაროების ანალიზით აჩვენოს საზოგადოებას, როგორია ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის კონფიგურაცია პოლიტიკურ რეალობაში.

„ეს არ არის კვლევა, რომელიც მიზანდ ისახავს ვიღაცის შერცხვენას, ეს არის წარმოჩენა ანატომიისა, როგორ განვითარდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები ეტაპობრივად, „ნაცმოძრაობის“ დიდი ორგანიზაციულ-ფინანსური ხელშეწყობით“, – აღნიშნა კვლევის ავტორმა.

მისივე თქმით, 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაცმოძრაობის“ სიტუაციური მოკავშირეა იქიდან გამომდინარე, რომ მათი გზავნილები და ნარატივები ერთმანეთს ემთხვევა.

„გაისმოდა უმძიმესი ბრალდებები მაგალითად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე, რომ თურმე ყალბდებოდა ელექტრონული „აიდი ბარათები“ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ. ეს ყალბ ბრალდებად დარჩა და არ ვიცით, როგორი ბედი ეწია ამ ბრალდებებს“,- განაცხადა აბაშიძემ.

მისივე ინფორმაციით, ყველამ ზეპირად იცის ადამიანები, რომლებიც „თავისუფლების ინსტიტუტიდან“, „სოროსის ფონდიდან“ მოვიდნენ ხელისუფლებაში. ბევრი მათგანი 2012 წელს გადავიდა არასამთავრობო სექტორში, ზოგიერთი დარჩა პარლამენტში და სხვადასხვა ადგილობრივ ორგანიზაციებში.

მისივე ინფორმაციით, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მეხუთე წელს შეიქმნა სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი. ამ ფონდის მეპატრონე გარკვეული წლები იყო სხვადასხვა სამინისტრო – განათლების სამინისტრო, შემდეგ თავდაცვის სამინისტრო, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო, ანუ ის სამინისტრო, სადაც მინისტრი იყო დიმიტრი შაშკინი. ფონდმა შეწყვიტა არსებობა და 2013 წლიდან საჯარო სივრცეში არ იძებნება.

ამასთან, აბაშიძის ინფორმაციით, „კიდევ ერთი ეტაპი დაიწყო 2012 წლიდან. კერძოდ, იქმნება სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი, რომელშიც 40-მდე არასამთვრობო შედის. ქსელის თავმჯდომარეა შმაგი ჩოხელი, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი, ფონდის პროექტების დიდი ნაწილი მიმართულია სხვადასხვა აქტივობაზე, რომლებიც ძირითადად არჩევნების წინ ხდება. შექმნილია, ასევე, დასავლური პლატფორმა, სადაც საინტერესო გვარები გვხვდება – კობა ხაბაზი, გიგა ნასარიძე, ქეთა გაბიანი, ზვიად კუპრავა, შმაგი ჩოხელი“.

გია აბაშიძის თქმით, „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს შექმნილი სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი არ იყო სამოქალაქო სექტორში პარტიის დამკვიდრების ერთადერთი ინსტრუმენტი.

„ნაცმოძრაობის“ მთავრობაში იყვნენ მინისტრებად გია ნოდია, თემურ იაკობაშვილი. 2011 წელს, რონდელის ფონდმა, რომლის ხელმძღვანელი იყო თემურ იაკობაშვილი, თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ერთი მილიონი ლარი სამინისტროს თანამშრომელთა თავდაცვის ანალიზის სფეროში თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავების სასწავლო კურსის ჩასატარებლად. ამაში ცუდი არაფერია, უბრალოდ ტრენდებია ხაზგასმული. „ნაცმოძრაობის“ ექსმაღალჩინოსნებმა რონდელის ფონდში თავიდანვე დაიმკვიდრეს ადგილი, ესენი იყვნენ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნოდარ ხარშილაძე, გიორგი ბადრიძე, ყოფილი ელჩი ბრიტანეთში, ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი და სხვები“, -აღნიშნა გია აბაშიძემ.

გია აბაშიძის თქმით, ექსმაღალჩინოსნები ატარებენ „ნაცმოძრაობის“ ხაზს და ადგილი აქვს იბფორმაციის არასწორად გავრცელებასაც.

„მოვიყვან რამდენიმე მაგალითს – სახელმწიფო დეპარტამენტს ჰქონდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს საქართველოში კანაფის კულტივაციის ლეგალიზების კანონია მიღებული. დეპარტამენტმა ამის გამო ბოდიში მოიხადა საქართველოს პირველი არხის წერილის საფუძველზე. კარგი იყო, მთავრობას ჰქონოდა ამაზე კომუნიკაცია. ასევე, იყო „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ არაერთი კვლევა, თურმე სააკაშვილზე პოლიტიკური ვენდეტა ხორციელდება ისევე, როგორც მსჯავრდებულ მაღალჩინოსნებზე; თურმე საზოგადოებრივ მაუწყებელზე მეორე არხი დაიხურა და ასე შემდეგ. „ჰერითიჯ ფაუნდეიშენმა“ ამაზე არაერთხელ მოიხადა ბოდიში.

ამასთან, გია აბაშიძემ დაასახელა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც, მისი აზრით, შეიძლება განვიხილოთ „ნაციონალურ მოძრაობის“ სიტუაციურ მოკავშირეებად:

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI-Georgia); ასოციაცია „საფარი“; ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR); კონსტიტუციის 42-ე მუხლი; ადამიანის უფლებათა სახლი; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC); ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); ასოციაცია „იდენტობა“. თეთრი ხმაურის მოძრაობა; მწვანე ალტერნატივა; კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის“; კოალიცია „დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის“; კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი; საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.