გია აბაშიძე - კარგია, რომ ხალვაშს გამოცდილი უცხოელი ტოპ მედია-მენეჯერის მოწვევა სურს, თორემ აქაური ზოგიერთი ფსევდოს სტანდარტების იმედზე, წინ ვერ წავალთ
გია აბაშიძე - კარგია, რომ ხალვაშს გამოცდილი უცხოელი ტოპ მედია-მენეჯერის მოწვევა სურს, თორემ აქაური ზოგიერთი ფსევდოს სტანდარტების იმედზე, წინ ვერ წავალთ

ქიბარ ხალვაში განცხადებაში მკაფიოდ ამბობს, რომ სარედაქციო პოლიტიკა უნდა ემყარებოდეს იმ საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს, რომლებსაც თანამედროვე მედია იცნობს, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ განაცხადა, რომელიც ქიბარ ხალვაშის დღევანდელ განცხადებას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოეხმაურა.

აბაშიძე აღნიშნავს, რომ სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება მაყურებლისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ არის.

„არაერთხელ მითქვამს, რომ ამგვარი მავნე ზეგავლენისგან როგორიცაა, გინება, ფეიკნიუსები და ცილისწამება და სხვა, მაგალითად, ბრიტანელ ტელემაყურებელს იცავს იქაური მარეგულირებელი Ofcom. თუმცა, ევროპის სხვა ქვეყნებში შიდა ტელემედია-რეგულირება გაცილებით მაღალ სტანდარტზეა, ვიდრე „რუსთავი 2“-ის არსებული, მოჩვენებითი ეთიკური სტანდარტი.

სამწუხაროდ, ხალვაშის განცხადება „რუსთავი 2“-ისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ (საყოველთაოდ ცნობილი სიტუაციური მოკავშირენი) აღქმულია, როგორც სარედაქციო პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ეს რაზე მიუთითებს? იმაზე, რომ „რუსთავი 2“ საერთაშორისოდ აღიარებულ, ცივილიზებულ მედიასტანდარტებს დღემდე არ ცნობს და არ ეთანხმება. რა გამოდის? მათთვის სტანდარტის დაცვა მიიჩნევა შეტევად“, – წერს სოციალურ ქსელში გია აბაშიძე.

მისი თქმით, აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების რეაქციები იმის აღიარებაა, რომ „რუსთავი 2“ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური იარაღია.

„ჟურნალისტმა მიზანმიმართულად უნდა იცრუოს და ესაა საერთაშორისო სტანდარტი და თუ მოთხოვე, რომ შეგნებულად არ ატირაჟიროს სიყალბე, ეს არის დამოუკიდებლობის შეზღუდვა? გინება, ბინძური შეურაცხყოფაც თავისუფალი მედიის სტანდარტია? ეს ისწავლეს ევროპულ ტრენინგებზე აქ, სტრასბურგის სასამართლოს საჯარო შეურაცხყოფებზე თვალისდამხუჭველმა ჩვენმა მრავალსტანდარტიანმა NGO-შნიკებმა? მათი რეაქციები არის იმის აღიარება, რომ „რუსთავი 2“ მედია კი არაა, არამედ „ნაცმოძრაობის“ რუპორი და პოლიტიკური ბრძოლის იარაღი, როგორც ამას თავად ამბობს სტრასბურგის სასამართლოს მლანძღველი გვარამია.

კარგია, რომ ხალვაშს სურს გამოცდილი უცხოელი ტოპ მედია-მენეჯერის მოწვევა, თორემ აქაური ზოგიერთი ფსევდოს სტანდარტების იმედზე, წინ ვერ წავალთ“, – აღნიშნავს გია აბაშიძე.

ქიბარ ხალვაშმა დღეს განცხდება გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება გარანტირებული, თუმცა მისივე თქმით, სარედაქციო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას,  დესტრუქციული ამოცანების მქონე პირების გემოვნებაზე მორგებას და მათი ეთიკის ჩარჩოებში ოპერირებას. ამასთან, ხალვაში აღნიშნავს, რომ კომპანიას აუცილებლად სჭირდება დასავლური გამოცდილების მქონე მედია-მენეჯერი და დაწყებული აქვს შესაბამისი კადრის მოძიების პროცესი. მისი თქმით, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში შეირჩევა და დაინიშნება მაღალი რეპუტაციის და დიდი სატელევიზიო გამოცდილების მქონე ევროპელი ან ამერიკელი მედია-მენეჯერი.