„პოლიტიკო“ - უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსული სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ იარაღის გამოყენებაზე ჯოზეფ ბორელის წინადადება გააკრიტიკა
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის წინადადებები მწვავედ გააკრიტიკა.
ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
„ჩვენ არ გვსურს მეტი იარაღი უკრაინაში, არ გვსურს მეტი სიკვდილი, არ გვსურს ომის ესკალაცია, არ გვსურს ახლო აღმოსავლეთის კრიზისის გაფართოება. დღესაც ვდგავართ საღი აზრისა და მშვიდობის მხარეს“, – განაცხადა სიიარტომ.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აუცილებელია რუსული სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში იარაღი, რომელსაც უკრაინას აწოდებენ, უსარგებლოა.
ამასთან, ჟურნალისტმა ბორელს დაუსვა კითხვა, რატომ გაიმართა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა ბრიუსელში და არა ბუდაპეშტში, რაზეც ბორელმა უპასუხა: „იმიტომ, რომ მე ასე გადავწყვიტე“.
„ვფიქრობდი, გაცილებით უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა ამის გაკეთება ბრიუსელში, რადგან უნგრეთის მთავრობის მიერ გამოხატული ზოგიერთი პოზიცია პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთო საგარეო პოლიტიკას. ბევრად უკეთესი იყო ამის გაკეთება ბრიუსელში“, – აღნიშნა ბორელმა.