„პოლიტიკო“ - ევროპარლამენტში კორუფციული სკანდალი გაფართოვდა, ანდრეა კოცოლინოს დაკავების ორდერში კიდევ ორი დეპუტატის სახელი ფიგურირებს
ევროპარლამენტში კორუფციული სკანდალი გაფართოვდა. როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, ევროპარლამენტარ ანდრეა კოცოლინოს დაკავების ორდერში კიდევ ორი დეპუტატის სახელი ფიგურირებს. ესენი არიან: მარია არენა და ალესანდრა მორეტი.
ანდრეა კოცოლინოს დაკავების ორდერი, რომელიც „პოლიტიკომ“ ნახა, 10 თებერვალს ბელგიის სასამართლომ გასცა. ბელგიის პოლიცია ევროპარლამენტში სავარაუდო კორუფციის ფაქტებსა და კატარისა და მაროკოს გავლენებს იძიებს.
დოკუმენტის თანახმად, არენა და მორეტი, კოცოლინოსა და კიდევ ერთ ბელგიელ დეპუტატთან, მარკ ტარაბელასთან ერთად იყვნენ იმ ჯგუფის წევრები, რომლებიც ევროპარლამენტის ყოფილი დეპუტატის, პიერ ანტონიო პანცერის დავალებებს ასრულებდნენ.
გამოძიების ცნობით, სავარაუდოდ, პანცერი ხელმძღვანელობდა კორუფციულ ქსელს ევროპარლამენტში. პიერ ანტონიო პანცერი ბელგიის პროკურატურასთან თანამშრომლობას დათანხმდა, სანაცვლოდ კი სასჯელის შემსუბუქება ითხოვა.
ორდერიდან ირკვევა, რომ ჯგუფის მოქმედების გეგმა და მათი წევრთა ვინაობა პანცერის ტექსტური მიმოწერებიდან გაირკვა. „პოლიტიკოსთან“ საუბარში ალესანდრა მორეტი ბრალდებებს უარყოფს. „მე არასდროს ვმოქმედებდი ბატონ პანცერის მითითებების შესაბამისად ჩემი პოლიტიკური საქმიანობის დროს“, – განაცხადა მორეტიმ.