„პოლიტიკო“ - ევროკავშირმა, აშშ-მა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის კრიზისამდე რამდენიმე დღით ადრე ფარული მოლაპარაკებები გამართეს
ევროკავშირმა, აშშ-მა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის კრიზისამდე რამდენიმე დღით ადრე ფარული მოლაპარაკებები გამართეს, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
როგორც გამოცემა ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, შეხვედრა 17 სექტემბერს სტამბოლში შედგა, როგორც აზერბაიჯანზე ზეწოლის მცდელობის ნაწილი, რათა შეეწყვიტა ბლოკადა და დაეშვა სომხეთიდან ჰუმანიტარული დახმარება.
წყაროს თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ როგორ უნდა გადასულიყო სატვირთო მანქანები და ეზრუნა დაახლოებით 100 000 ადამიანისთვის სურსათისა და საწვავის მიწოდებაზე.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდა ლუის ბონო, ევროკავშირის მხრიდან – ტოივო კლაარი, ხოლო რუსეთიდან – იგორ ხოვაევი, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების საკითხში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელია.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ კომუნიკაციის არხები შესაბამის თანამოსაუბრეებთან, რათა თავიდან ავიცილოთ გაუგებრობები“, – აღნიშნა „პოლიტიკოსთვის“ მიწოდებულ განცხადებაში ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა უარი თქვა შეხვედრის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე.
„ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს კერძო დიპლომატიურ დისკუსიებზე“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.