აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ყარაბაღში დროებით განთავსებული რუსული სამშვიდობო კონტინგენტის გაყვანის პროცესი დაიწყო
ყარაბაღში დროებით განთავსებული რუსული სამშვიდობო კონტინგენტის გაყვანის პროცესი დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
აზერბაიჯანული მედია წერს, რომ სამშვიდობო კონტინგენტის პირველმა ნაწილმა და სამხედრო ტექნიკამ კელბაჯარის რეგიონში მდებარე ხუდავანგის ტაძრის ტერიტორია დატოვა. ამჟამად ხუდავანგის მონასტრის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის პოლიცია არის განლაგებული. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ასევე მიმდინარეობს ხოჯაელის ბაზის ევაკუაცია და პროცესი სრულად, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში დასრულდება.
პარალელურად, სომხეთის მედია დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ყარაბაღიდან რუსული სამხედრო კონტინგენტის გაყვანა ეტაპობრივად მოხდება. გავრცელებული ცნობით, კონტინგენტის გაყვანა ხდება ეშელონით დაღესტნის გავლით.
რუსული სამშვიდობო კონტინგენტი ყარაბაღში დროებით განლაგდა აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის ლიდერებს შორის 2020 წლის 10 ნოემბერს გაფორმებული სამმხრივი განცხადების შემდეგ.