პოლიცია ზუგდიდის N15-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტზე მოკვლევას აწარმოებს
ზუგდიდის N15-ე საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა. როგორც სალომე ზურაბიშვილის ზუგდიდის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, უბანზე ნასვამმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ვახტანგ ხვიჩიამ გადასატანი ყუთის ამომრჩეველთა სიის წარდგენა მოითხოვა. ამის გამო, მასსა და კომისიის თავმჯდომარეს ლუიზა თევზაძეს, ასევე კომისიის წევრ ლეილა თვალთვაძეს შორის შელაპარაკება მოხდა. ვახტანგ ხვიჩიამ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ფაქტზე ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო. ხვიჩია შსს-ს ზუგდიდის სამმართველოში გადაიყვანეს.
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ანი წითლიძე პირველ არხთან საუბრისას აცხადებს, რომ ყველა იმ უბანზე, სადაც მათ გადასატანი ყუთების სიები მოითხოვეს, კომისიის წევრები გამწარდნენ.
„სიებში დამატებით ჰყავთ შეყვანილი ამომრჩევლები. ხვიჩია მივიდა მარტო, მოითხოვა სია, მას იქ კომისიის ათმა წევრმა მიაყენა შეურაცხყოფა. ახლა კი ის არის გადაყვანილი პოლიციაში“, – აცხადებს წითლიძე.