ცესკო - გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით, ჩვენს ცენტრს 900-მდე ამომრჩეველმა მომართა, თუმცა გარკვეული რაოდენობის ზარები კრიტერიუმებს არ შეესაბამებოდა
ცესკო - გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით, ჩვენს ცენტრს 900-მდე ამომრჩეველმა მომართა, თუმცა გარკვეული რაოდენობის ზარები კრიტერიუმებს არ შეესაბამებოდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკო-ს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს 900-მდე ამომრჩეველმა მიმართა. თუმცა, საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, გარკვეული რაოდენობის ზარები არ შეესაბამებოდა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის კრიტერიუმებს.

ცესკო თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს მიმართავს, დროულად მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), კონსტიტუციური უფლების რეალიზების მიზნით, სამკურნალო სტაციონარულ დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში, მათ შორის თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, უზრუნველყოფს 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას.

საარჩევნო ადმინისტრაციამ როგორც პოლიტიკურ პარტიებთან, ისე სამოქალაქო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინაციით მიიღო დადგენილება, რომლითაც რეგულირდება თუ როგორ ჩაერთვებიან კენჭისყრის პროცესში აღნიშნული მოქალაქეები.

იმისთვის, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ცესკოში უკვე მეორე დღეა, ამოქმედდა სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი. 25 ოპერატორი, რომლებმაც გაიარეს შესაბამისი სწავლება, 24-25-26 ოქტომბრის დილის 10:00 საათიდან 22:00 საათამდე უპასუხებენ თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების ზარებს და დააფიქსირებენ მათ მოთხოვნას.

თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, ცესკო-ს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრისთვის მომართვის შემთხვევაში, ისარგებლებენ გადასატანი საარჩევნო ყუთის მომსახურებით.

თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ აწარმოა აქტიური საინფორმაციო კამპანია. ამ დრომდე, ცესკო-მ შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით რეგისტრირებულ 3000-მდე ამომრჩეველს გაუგზავნა სატელეფონო შეტყობინებები და გრძელდება სმს-ების დაგზავნის პროცესი აღნიშნულ ყველა მოქალაქესთან. ამასთან, როგორც რეგიონულ და ადგილობრივ მედიაში, ისე სოციალური ქსელების საშუალებით ვრცელდება საინფორმაციო ვიდეო რგოლები თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ინფორმირებისთვის.

გაცნობებთ, რომ მოცემული დროისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკო-ს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს მომართა 900-მდე ამომრჩეველმა, თუმცა გარკვეული რაოდენობის ზარები არ შეესაბამებოდა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის კრიტერიუმებს.

საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, იაქტიურონ, 26 ოქტომბრის 22 საათამდე მომართონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს ტელეფონის ნომერზე 2-51-00-51 (0) და დროულად მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება“, – აცხადებენ ცესკო-ში.