​ირაკლი კვარაცხელია, რომელიც „საქართველოს ბანკში“ მძევლად იყო აყვანილი, აცხადებს, რომ თავდამსხმელი ინფორმაციას ძირითადად მედიის საშუალებით იღებდა
​ირაკლი კვარაცხელია, რომელიც „საქართველოს ბანკში“ მძევლად იყო აყვანილი, აცხადებს, რომ თავდამსხმელი ინფორმაციას ძირითადად მედიის საშუალებით იღებდა

​ირაკლი კვარაცხელია, რომელიც „საქართველოს ბანკში“ მძევლად იყო აყვანილი, აცხადებს, რომ თავდამსხმელი ინფორმაციას ძირითადად მედიის საშუალებით იღებდა. ამის შესახებ მან ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ძირითადად ინფორმაციას იღებდა მედიის საშუალებით. სამართალდამცავებს სხვა მძევლების საშუალებით ეკონტაქტებოდა. მძევალს სთხოვდა დარეკვას, ხმოვანზე ჰქონდა და თავად ეუბნებოდა, რაც უნდა ეთქვა. იყო ერთი-ორჯერ შემთხვევა, რომ თავადაც ჩაერთო საუბარში. მისი მთავარი მოთხოვნა იყო 500 ათასი დოლარი და უსაფრთხო გასვლა“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

​კვარაცხელიას თქმით, ბანკში მისთვის დამზადებული საბანკო ბარათის ასაღებად მივიდა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო სამხარეო პოლიციის უფროსს, რომლის მეშვეობითაც მე დღეს არ ვარ მძევალი. მივედი, რომ ამეღო ჩემთვის დამზადებული ბარათი. ავიღე ჩვეულებრივ რიგის ნომერი, ჩავდექი რიგში და შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. გავიგე გარეთ გასროლა. დავინახე, შეიარაღებული პირი შემოვარდა ბანკში, მაშინვე ხელყუმბარას მოხსნა დამცავი და დააგდო ძირს. ეს აშკარად დავინახე და უკვე გავაცნობიერე საფრთხის სიმძიმე. შემდეგ ამ ადამიანმა კიდევ ორი გასროლა განახორციელა იმ ადამიანის მისამართით, ვინც სავარაუდოდ გარედან იღებდა ვიდეოკამერით. თვითონ ასე თქვა, ამიტომ ვესროლეო. ამის შემდეგ მოითხოვა მენეჯერი, რომელიც არ იყო ადგილზე. შემდეგ აგვიყვანა მესამე სართულზე და იქ დავბინავდით. მოითხოვა 112-ში დარეკვა. ყველა მძევალს დაარეკინა 112-ში. ერთს მოსთხოვა, რომ დაერეკა „ტვ პირველში“, მან უთხრა, რომ არ ჰონდა „ფეისბუქი“. შემდეგ სხვებს მიუტრიალდა, შემდეგ მოვიდა ჩემი რიგი და ვუთხარი, რომ მქონდა „ფეისბუქი“. იქედან გამომდინარე, რომ მას ხელში ეჭირა ხელყუმბარა, გავაცნობიერე, რომ ამ წუთში ჩვენი ყველაზე დიდი საფრთხე იყო, რომ სამართალდამცავებს დაეპირებინათ შტურმი. ამ შემთხვევაში, ყველანი დავიღუპებოდით. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო მათ გაეგოთ, რომ ამ ადამიანს ჰქონდა ხელყუმბარა და იყო საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი. ამაზე იყო ჩვენი სიცოცხლე დამოკიდებული და ეს საფრთხე ნამდვილად არსებობდა“,- განაცხადა კვარაცხელიამ.

მისივე თქმით, ფულის აღების შემდეგ ორმა მძევალმა თავად გამოთქვა სურვილი, გაჰყოლოდა, მესამე კი თავდამსხმელმა დაასახელა.

„თავიდან ის იყო აგრესიული, მაგრამ შემდეგ ყველამ მოახერხა, რომ უფრო მეტად კომუნიკაბელური გახდა. შვიდი საათი ერთად ყოფნის განმავლობაში, ზოგიერთი ხუმრობდა კიდეც. ცდილობდნენ, რომ ეს ადამიანი ყოფილიყო ჩვენთან ადამიანურ ურთიერთობაში, საჭიროების შემთხვევაში, გაჭირვებოდა ჩვენთვის სროლა. ბიჭები შემდეგ იმიტომ წაიყვანა, რომ გაუადვილდებოდა ბიჭების მართვა, ვიდრე ქალების. ორმა ბიჭმა თვითონ გამოთქვა სურვილი, რომ გოგოები არ წაეყვანა. მესამე მძევალი კი მძარცველმა თვითონ დაასახელა. ის ნიღბის გარეშე არ ყოფილა, ხმას თუ გავიგონებ, შეიძლება მივამსგავსო გამტაცებლის ხმას“,- აღნიშნა ირაკლი კვარაცხელიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.​

შეგახსენებთ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული პირი გუშინ შეიჭრა და მძევლები აიყვანა. მოგვიანებით, ხელყუმბარით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ბანკის შენობა რადენიმე მძევალთან ერთად დატოვა და პოლიციის მანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. დანარჩენი მძევლები კი გათავისუფლდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.