​ირაკლი კვარაცხელია, რომელიც „საქართველოს ბანკში“ თავდამსხმელს მძევლად ჰყავდა აყვანილი, ზუგდიდის პოლიციაში ​გამოკითხეს
​ირაკლი კვარაცხელია, რომელიც „საქართველოს ბანკში“ თავდამსხმელს მძევლად ჰყავდა აყვანილი, ზუგდიდის პოლიციაში ​გამოკითხეს

ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში ის პირები გამოიკითხნენ, რომლებიც თავდამსხმელს „საქართველოს ბანკში“ მძევლად ჰყავდა აყვანილი.

„საქართველოს ბანკში“ მძევლებს შორის იყო ირაკლი კვარაცხელია, რომელმაც გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

კვარაცხელიას თქმით, ბანკში მისთვის დამზადებული საბანკო ბარათის ასაღებად მივიდა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო სამხარეო პოლიციის უფროსს, რომლის მეშვეობითაც მე დღეს არ ვარ მძევალი. მივედი, რომ ამეღო ჩემთვის დამზადებული ბარათი. ავიღე ჩვეულებრივ რიგის ნომერი, ჩავდექი რიგში და შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. გავიგე გარეთ გასროლა. დავინახე, შეიარაღებული პირი შემოვარდა ბანკში, მაშინვე ხელყუმბარას მოხსნა დამცავი და დააგდო ძირს. ეს აშკარად დავინახე და უკვე გავაცნობიერე საფრთხის სიმძიმე. შემდეგ ამ ადამიანმა კიდევ ორი გასროლა განახორციელა იმ ადამიანის მისამართით, ვინც სავარაუდოდ გარედან იღებდა ვიდეკოამერით. თვითონ ასე თქვა, ამიტომ ვესროლეო. ამის შემდეგ მოითხოვა მენეჯერი, რომელიც არ იყო ადგილზე. შემდეგ აგვიყვანა მესამე სართულზე და იქ დავბინავდით. მოითხოვა 112-ში დარეკვა. ყველა მძევალს დაარეკინა 112-ში. ერთს მოსთხოვა, რომ დაერეკა „ტვ პირველში“, მან უთხრა, რომ არ ჰონდა „ფეისბუქი“. შემდეგ სხვებს მიუტრიალდა, შემდეგ მოვიდა ჩემი რიგი და ვუთხარი, რომ მქონდა „ფეისბუქი“. იქედან გამომდინარე, რომ მას ხელში ეჭირა ხელყუმბარა, გავაცნობიერე, რომ ამ წუთში ჩვენი ყველაზე დიდი საფრთხე იყო, რომ სამართალდამცავებს დაეპირებინა შტურმი. ამ შემთხვევაში, ჩვენ ყველანი დავიღუპებოდით. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო მათ გაეგოთ, რომ ამ ადამიანს ჰქონდა ხელყუმბარა და ის იყო საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი. ამაზე იყო ჩვენი სიცოცხლე დამოკიდებული და ეს საფრთხე ნამდვილად არსებობდა“,- განაცხადა კვარაცხელიამ.

მისივე თქმით, ფულის აღების შემდეგ ორმა მძევალმა თავად გამოთქვა სურვილი, გაჰყოლოდა, მესამე კი თავდამსხმელმა დაასახელა.

„თავიდან ის იყო აგრესიული, მაგრამ შემდეგ ყველამ მოახერხა, რომ უფრო მეტად კომუნიკაბელური გახდა. შვიდი საათი ერთად ყოფნის განმავლობაში, ზოგიერთი ხუმრობდა კიდეც. ცდილობდნენ, რომ ეს ადამიანი ყოფილიყო ჩვენთან ადამიანურ ურთიერთობაში, საჭიროების შემთხვევაში, გაჭირვებოდა ჩვენთვის სროლა.

ბიჭები შემდეგ იმიტომ წაიყვანა, რომ გაუადვილდებოდა ბიჭების მართვა, ვიდრე ქალების. ორმა ბიჭმა თვითონ გამოთქვა სურვილი, რომ გოგოები არ წაეყვანა. მესამე მძევლალი კი მძარცველმა თვითონ დაასახელა. ის ნიღბის გარეშე არ ყოფილა, ხმას თუ გავიგონებ, შეიძლება მივამსგავსო გამტაცებლის ხმას“,- აღნიშნა ირაკლი კვარაცხელიამ.

კვარაცხელიას თქმით, თავდამსხმელი ძირითადად ინფორმაციას მედიის საშუალებით იღებდა.

„ძირითადად ინფორმაციას იღებდა მედიის საშუალებით. სამართალდამცავებს სხვა მძევლების საშუალებით ეკონტაქტებოდა. მძევალს სთხოვდა დარეკვას, ხმოვანზე ჰქონდა და თავად ეუბნებოდა, რაც უნდა ეთქვა. იყო ერთი-ორჯერ შემთხვევა, რომ თავადაც ჩაერთო საუბარში. მისი მთავარი მოთხოვნა იყო 500 ათასი დოლარი და უსაფრთხო გასვლა.

ვნახე, რომ სრულიად ამორალური კამპანია წამოიწყო ზოგიერთმა ჯგუფებმა ჩემ მიმართ. ჩემი აზრით, ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა ის კი არ არის, რაც დღეს მოხდა, ეს შეიძლება ნებისმიერ ქვეყანაში მოხდეს, დიდი პრობლემაა ის სიბინძურე, გაუგონარი მარაზმი. დიახ, მე ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, დიახ, მიმაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ უკეთ შეუძლია მართოს ეს ქვეყანა. და რა, ამის გამო მე ბანკში არ უნდა მივიდე? ქუჩაში არ უნდა გავიდე? საერთოდ გაუგონარი რამე ხდება“,- განაცხადა ირაკლი კვარაცხელიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.​

შეგახსენებთ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული პირი გუშინ შეიჭრა და მძევლები აიყვანა. მოგვიანებით, ხელყუმბარით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ბანკის შენობა რადენიმე მძევალთან ერთად დატოვა და პოლიციის მანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. დანარჩენი მძევლები კი გათავისუფლდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.