პოლარული ყინულის დნობა დედამიწის ქერქში ფართომასშტაბიან ცვლილებებს იწვევს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
პოლარული ყინულის დნობა დედამიწის ქერქში ფართომასშტაბიან ცვლილებებს იწვევს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

პოლარული ყინულის საფარის დნობა მხოლოდ ზღვის დონეს როდი სწევს მაღლა. ახალი კვლევის მიხედვით, ამ დროს დეფორმირდება მის ქვეშ არსებული დედამიწის ზედაპირიც და ამ პროცესის ეფექტების ხილვა ათასობით კილომეტრის მანძილზეა შესამჩნევი.

კონკრეტულად კი ის ხდება, რომ გრენლანდიის, ანტარქტიდისა და არქტიკის კუნძულების მასშტაბით, დედამიწის ქერქი მაღლა იწევს და იჭიმება რადგან ზემოდან ყინულის დიდი მასა აღარ აწვება. ასეთი მოძრაობა ძალიან დიდი არ არის, წელიწადში დაახლოებით მილიმეტრს შეადგენს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ეს ხდება და თანაც ხმელეთის ძალიან დიდ ნაწილზე.

ასევე ხდება უკუკავშირიც, რადგან ყინულების ქვეშ ძირითადი ქანები გადაადგილდება თავის მხრივ გავლენას ახდენს ყინულის დნობასა და დაშლაზე. ამ პროცესის მოქმედების სრულად გარკვევა გადამწყვეტია იმის მოდელირებისთვის, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს მსოფლიო მომავალში.

„მეცნიერებმა ბევრი სამუშაო გასწიეს პირდაპირ ყინულის ფენებისა და მყინვარების ქვეშ. შესაბამისად, მათ იცოდნენ, რომ ასეთი პროცესები იმ რეგიონებში უნდა ყოფილიყო, სადაც მყინვარებია, მაგრამ ვერც წარმოიდგენდნენ, თუ ამას გლობალური მასშტაბი ექნებოდა“, — ამბობს ლოს-ალამოსის ეროვნული ლაბორატორიის გეოფიზიკოსი სოფი კულსონი.

რამდენიმე წინა კვლევამ დაადასტურა, რომ აწევა შეიძლება მოხდეს ყინულის საფარის დნობის შედეგად, მაგრამ კულსონმა და მისმა კოლეგებმა უფრო ახლოდან შეისწავლეს ჰორიზონტალური ძვრები, თანაც უფრო ფართო არეალში. აღმოაჩინეს, რომ დეფორმაცია წლიდან წლამდე შეიძლება მნიშვნელოვნად იცვლებოდეს.

აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ ზონაში, ჰორიზონტალური მოძრაობა ვერტიკალურსაც კი აჭარბებს. დედამიწის ქერქის მოძრაობის სამ განზომილებაში გასაზომად, მათ 2003-2018 წლების თანამგზავრული და საველე მონაცემები გამოიყენეს.

ქერქის ასხლეტვას შეიძლება ათასობით წელიწადი დასჭირდეს. როგორც მკვლევრები შენიშნავენ, დედამიწის ზედაპირზე დღემდე შეიმჩნევა 11 000 წლის წინ მომხდარი ბოლო გამყინვარების შედეგად მომხდარი ცვლილებები.

„ბოლო პერიოდში დედამიწას ელასტიკური სტრუქტურის სახით წარმოვიდგენთ, რეზინის სარტყლის მსგავსად, მაგრამ ათასობით წლიან მასშტაბში, დედამიწა უფრო ძალიან ნელა დენადი სითხესავით მოქმედებს. გამყინვარების ხანის პროცესები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და შესაბამისად, მისი შედეგების ხილვა დღემდე შესაძლებელია“, — ამბობს კულსონი.

ყინულის ასეთ ეფექტს მკვლევრები ადარებენ ხის დაფის წყალში ჩაგდებას. როდესაც დაფას ამოვიღებთ და იქ მისი წონა მოაკლდება, სითხე ფართოვდება და ხელმისაწვდომ სივრცეს ავსებს; სწორედ იგივე ხდება დედამიწის ქერქში.

რადგან მსოფლიოში ყინულის დნობის მაჩვენებელი იზრდება, მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერებმა შეძლონ იმის განსაზღვრა, რა გავლენა ექნება ამას დედამიწის ზედაპირის ფორმაზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ძვრების წლიური მაჩვენებელი მცირეა.

ეს ახალი კვლევა კიდევ უფრო დეტალურ მონაცემებს გვაწვდის ამ პროცესების შესახებ, რაც გამოსადეგია არა მხოლოდ ყინულის დნობისა და დედამიწის ფორმის ცვლილებათა შესასწავლად, არამედ მეცნიერების სხვა მრავალ დარგშიც.

„ყველა იმ ფაქტორის გარკვევა, რომელიც ქერქის მოძრაობას იწვევს, ნამდვილად მნიშვნელოვანია დედამიწის მეცნიერებათა პრობლემების უფრო ფართო დიაპაზონისთვის. მაგალითად, ტექტონიკურ მოძრაობებსა და მიწისძვრებზე დეტალური დაკვირვებისათვის, საჭიროა, მათგან გამოვაცალკეოთ ამჟამად ყინულის დნობით გამოწვეული მოძრაობა“, — ამბობს კვლევის ავტორი, ლოს-ალამოსის ეროვნული ლაბორატორიის გეოფიზიკოსი სოფი კულსონი.

კვლევა Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.harvard.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.