პიტერ სიიარტო - უნგრეთი ერთგულია ვალდებულების, დაეხმაროს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხში წარმატების მიღწევაში
საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის ლიდერია და ჩვენ მხარს ვუჭერთ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირსა და მის აღმოსავლელ პარტნიორებს შორის, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიარტომ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „42° პარალელი“ განაცხადა.
„ვფიქრობთ, აღმოსავლეთ პარტნიორობის როლი ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გვესმის, რომ „კოვიდის“ კრიზისის შედეგად სამყაროში სრულიად სხვა წესრიგს მივიღებთ და თუ ევროკავშირს სურს, ამ ახალ მსოფლიო წესრიგში ჰქონდეს საკუთარი ადგილი, ბერკეტები, მაშინ უნდა შეძლოს, ააგოს პარტნიორობა, შექმნას ალიანსი, ჰყავდეს მეგობრები ევროკავშირის გარეთ. რა თქმა უნდა, საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის ლიდერია და ჩვენ მხარს ვუჭერთ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირსა და მის აღმოსავლელ პარტნიორებს შორის“, – განაცხადა სიარტომ.
მისი თქმით, უნგრეთი უცვლელად ერთგულია ვალდებულების, რომ დაეხმაროს საქართველოს ინტეგრაციის საკითხში წარმატების მიღწევის მხრივ, როცა საქმე ეხება ევროპულ, ან ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
„ეს პირველი მიზეზია. მეორე მიზეზი – ჩვენ შევქმენით ერთობლივი სამუშაო ჯგუფი მინისტრ ზალკალიანთან ერთად. ამ ჯგუფს ექნება ვალდებულება, გამოიკვლიოს სიტუაცია თქვენ და ჩვენ სამეზობლოში. თუკი ვნახავთ შემზღუდავი ნორმების შემსუბუქების შესაძლებლობას ერთმანეთის ქვეყნებში მოგზაურობისთვის, მაშინ მივიღებთ აუცილებელ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა პიტერ სიარტომ.