პიტერ სიიარტო - კრიტიკის სამიზნე ვარ რუსეთთან, ბელარუსთან, ირანთან ლაპარაკის გამო, ვინც მაკრიტიკებენ, შემდეგ მთხოვენ, მათ ნაცვლად ამ ქვეყნების წარმომადგენლებს რამე ვუთხრა, პასუხიც ვაცნობო
პიტერ სიიარტო - კრიტიკის სამიზნე ვარ რუსეთთან, ბელარუსთან, ირანთან ლაპარაკის გამო, ვინც მაკრიტიკებენ, შემდეგ მთხოვენ, მათ ნაცვლად ამ ქვეყნების წარმომადგენლებს რამე ვუთხრა, პასუხიც ვაცნობო

გლობალურმა წესრიგმა ან იმ გლობალურმა წესრიგმა, რომელშიც აქამდე ვცხოვრობთ, ვერ შეძლო, დაერეგულირებინა ის კონფლიქტები, რომლებიც ნაწილობრივ თავად შექმნა. სწორედ ამიტომ ახლა ის იცვლება, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის მინისტრმა, პიტერ სიიარტომ გიორგი გვიმრაძისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ახლა ჩვენ ვაკუუმში ვართ. ძველი მსოფლიო წესრიგი დავტოვეთ, ახალი ჯერ კიდევ იქმნება, თუმცა საბოლოო ეტაპი არავინ იცის. ის იქნება მულტიპოლარული. ჯერ არ ვიცი, რამდენი პოლუსი იქნება, მაგრამ ვხედავთ, რომ ნაციონალიზმი და პატრიოტიზმი წინ იწევს, სუვერენიზმიც. ვხედავ, რომ გლობალური ეკონომიკის მთავარი წერტილებიც იცვლება. ნათლად ვხედავთ აღმოსავლეთის აღზევებას. დიახ, ეგრეთ წოდებული გლობალური სამხრეთის“, – აღნიშნა სიიარტომ.

სიიარტოს თქმით, დასავლური ინდუსტრიის მთავარი მხარეები სულ უფრო მეტად ხდებიან დამოკიდებული აღმოსავლურ მომარაგებაზე.

„ნამდვილად ყველაფერი იცვლება. და ვხედავთ, რომ აღმოსავლეთი, ან როგორც თქვენ თქვით, გლობალური სამხრეთი, ხმას იმაღლებს. ჩვენ ვხედავთ ბრიქსს. ახლა ის ყველაზე მიმზიდველი საერთაშორისო ორგანიზაციაა. არა იმ თალსაზრისით, რომ მასში გაწევრიანება ბევრ ქვეყანას სურს, ბევრ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანებაც სურს, არამედ იმ გაგებით, რომ ის მზადაა გაფართოებისთის. ევროკავშირშიც ბევრს უნდა გაწევრიანება, მაგრამ ევროპა გაფართოებისთვის მზად არ არის. ბრიქსში არიან გაწევრიანების მსურველი ქვეყნები და ისიც მზადაა გასაფართოებლად. ამიტომ ვხედავ, რომ არის დიდი ცვლილებები. მთავარია, ახალი მსოფლიო წესრიგი შეძლებს თუ არა კონფლიქტების გადაჭრას და ახალი გლობალური წესრიგი მეტ ურთიერთკავშირს მოგვიტანს, თუ შექმნის სიტუაციას, სადაც მსოფლიო ბლოკებად დაიყოფა“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

რაც შეეხება კითხვას, „არის კომუნიკაციის ნაკლებობა გლობალურ სამხრეთსა და დასავლეთს შორის. კომუნიკაციის ნაკლებობა აჩენს საბოლოოდ ორ ბანაკად დაყოფის პერსპექტივას. არსებობს თუ არა დასავლეთში გლობალურ სამხრეთთან საუბრის პოლიტიკური ნება?“, – პიტერ სიიარტო პასუხობს: „გულახდილად გითხრათ, არ მგონია, მაგრამ ალბათ ეს შეიცვლება და გეტყვით რატომ. ახლა სულ უფრო ხშირად მეკონტაქტებიან მე, რომ მათთვის განვიხილო რაიმე საკითხი რუსეთთან, რომ მათთვის რომელიმე საკითხი განვიხილო ირანთან. ასე რომ, ვფიქრობ, კომუნიკაციის არხები უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენ ყოველთვის ვემხრობით საკომუნიკაციო არხების ღიად დატოვებას, რადგან რა აზრი აქვს მუდამ ერთმანეთთან ლაპარაკს? კარგი, ჩვენ ვთანხმდებით, ვაღწევთ შეთანხმებას სხვადასხვა საკითხზე, რატომ არ უნდა მივმართოთ სხვებს. ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეისას, ერთადერთი ევროპელი მინისტრი ვიყავი, რომელიც რუს და ბელარუს წარმომადგენლებს შეხვდა. კარგი, ჩვენ შევხვდით ერთმანეთს, მაგრამ ამის გაკეთება შეგვეძლო ბრიუსელშიც. რა აუცილებელი იყო 9-საათნახევრიანი ფრენა იმავე ადამიანებთან ნიუ-იორკში შესახვედრად? და სად უნდა შეხვდე რუსებსა და ბელარუსებს, თუ არა ნიუ-იორკში, გაერო-ში? ის ხომ სწორედ ასეთი შეხვედრებისთვის იყო შექმნილი.  ბოლო წელიწად-ნახევარია, მძიმე კრიტიკის სამიზნე ვარ რუსეთთან, ბელარუსთან, ირანთან ლაპარაკის გამო. შემდეგ კი ისინი, ვინც მაკრიტიკებენ, ჩემთან მოდიან და მთხოვენ, რომ მათ ნაცვლად ამ ქვეყნების წარმომადგენლებს ვუთხრა რამე და შემდეგ მათი პასუხი ვაცნობო“.