პირველმა არხმა საწარმოო რესურსების მართვის სისტემის (ERP) შესყიდვისთვის ბაზრის კვლევა გამოაცხადა
პირველმა არხმა საწარმოო რესურსების მართვის სისტემის (ERP) შესყიდვისთვის ბაზრის კვლევა გამოაცხადა

პირველმა არხმა საწარმოო რესურსების მართვის სისტემის (ERP) შესყიდვისთვის ბაზრის კვლევა გამოაცხადა. პროცესი მიზნად ისახავს, შეირჩეს და დაინერგოს ორგანიზაციის მართვის პროცესებზე მაქსიმალურად მორგებული ERP სისტემა, რომელიც გაამარტივებს მუშაობის პროცესს, გახდის მას უფრო მოქნილს, ეფექტურსა და ეფექტიანს, რაც გულისხმობს სამუშაო პროცესების ავტომატიზებას, ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის გამარტივებულ სამუშაო გარემოს, ანგარიშგების მოქნილ მექანიზმებს, სამსახურებს შორის მონაცემთა და ინფორმაციათა მარტივ გაცვლასა და ოპტიმიზაციას. ასევე, შიდა სამუშაო პროცესების გაციფრულებასა და მიმოქცევიდან ფიზიკური დოკუმენტების ამოღებას.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი ფუნქციონირებისას კომპლექსურ ორგანიზაციულ პროცესებს აერთიანებს, ერთი მხრივ, შემოქმედებითი, მეორე მხრივ კი, ტექნოლოგიური, ფინანსური თუ ადმინისტრაციული მიმართულებით. ბოლო წლებში ძალიან ბევრი პროცესი გადავიტანეთ ელექტრონულ სისტემებში, რამაც დააჩქარა ოპერირება და ორგანიზაციის შიგნით კომუნიკაცია. ახლა უკვე ვგეგმავთ ამ ყველაფრის ერთიან სისტემაში მოქცევას, რაც სრულად ოპტიმიზებულ სამუშაო პროცესს მოგვცემს“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

პირველი არხი ქვეყანაში ქართული შემოქმედებითი პროდუქციის ყველაზე დიდი მწარმოებელია, ემსახურება და ქმნის გადაცემებს/პროექტებს საზოგადოების ყველა სეგმენტისთვის; აერთიანებს ორ ტელეარხს, ორ რადიოარხს, ონლაინპლატფორმასა და ათამდე ციფრულ აპლიკაციას. საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც მედიაორგანიზაცია, განსაკუთრებული შემოქმედებითი და უახლესი ტექნოლოგიური პროცესებით ხასიათდება, რაც თავის მხრივ, რთულ და კომპლექსურ ორგანიზაციულ მენეჯმენტს აერთიანებს, შესაბამისად, მისი მართვისა და პროცესების ოპტიმიზაციის სრულყოფა უმნიშვნელოვანესია.

პროექტის სრულ აღწერას შეგიძლიათ, გაეცნოთ ბმულზე.

ბაზრის კვლევის შემდგომ დაგეგმილია ტენდერის გამოცხადება.