მეექვსე საუკუნის საქართველო და გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე მყოფი ქართული სამეფოები გლობალური დაპირისპირების ეპიცენტრში – პირველი არხის შენობაში ახალი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა.
„ეგრისის დიდი ომი“ – ასე ჰქვია ფილმს, რომლის ავტორია ვასილ მაღლაფერიძე. სცენარი რომაელი ისტორიკოსების, პროკოპი კესარიელისა და აგათია სქოლასტიკოსის ნაშრომებს ეფუძნება, ისტორიული მოვლენები კი, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა გაცოცხლებული.
ფილმის ჩვენებას დაესწრნენ კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, კულტურის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ გამცემლიძე, ისტორიკოსი ემილ ავდალიანი და სხვა სტუმრები.
საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის თქმით, ფილმი საგანმანათლებლო თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„ვფიქრობ, თავად მაყურებელი დაინახავს, რა დიდი შრომაა ამ ფილმში ჩადებული. პირველ ყოვლისა, მართლაც უპრეცედენტოა ხელოვნური ინტელექტის ასეთი ხარისხის გამოყენება. შეიძლება ითქვას, გარკვეული მსგავსება აქვს იმ ფორმატთან, რომელსაც დღეს აქტიურად იყენებს დასავლური მედია, თუმცა ხარისხობრივი თვალსაზრისით, როგორც ვიზუალური, ასევე გახმოვანების კუთხით, ფილმი ძალიან მაღალი სტანდარტისაა. გარდა ამისა, ამას ემატება მისი ისტორიული და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, რაც საგანმანათლებლო თვალსაზრისით განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ჩვენი მთავარი მისიაა საქართველოს უკეთ წარმოჩენა, ისტორიის კარგად ცოდნა და ამ ქვეყნის სიყვარული. ვფიქრობ, ყველაფერია ამ ფილმში ჩადებული“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
როგორც ფილმის ავტორმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, ფილმი გარკვეულწილად ექსპერიმენტს წარმოადგენს.
„შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტია, რომელშიც ახალგაზრდებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, ვეძებთ ფორმას, როგორ დავანახოთ და წავაკითხოთ ისტორია. ჩვენი ქვეყნის წინაშე ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა ის, რომ არ დავივიწყოთ საკუთარი ისტორია. საკუთარი ისტორიის დავიწყება ერის გაქრობის წინაპირობაა. სრულფასოვანი ისტორიული ფილმების შექმნა პრობლემატურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც. ვცადეთ, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ჩაგვეტარებინა ეს ექსპერიმენტი“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
რეჟისორ თამარ ციციშვილის განცხადებით, ფილმის მეშვეობით, მაყურებელთან მივიდა კონკრეტული ამბავი, როგორც შინაარსით, ისე ემოციით.
„ვფიქრობ, ექსპერიმენტმა გაამართლა, რადგან მივიღეთ ის, რაც გვინდოდა: ემოცია, კონკრეტული ამბავი და ეს მივიტანეთ მაყურებელთან, როგორც შინაარსით, ისე ემოციით. ეს მოვახერხეთ. ისეთი გამოცდილება მივიღეთ და იმდენად საინტერესო გზა გავიარეთ, რომ ეს კიდევ ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენებს. ასეთი ისტორიული ფილმების შექმნა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით მარტივად შესაძლებელია და კარგი იქნება, თუ ამ გზას გავაგრძელებთ და აქ არ დასრულდება“, – აღნიშნა ციციშვილმა.
ამასთან, საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ აღნიშნა, რომ პროექტის მნიშვნელობა, როგორც შემეცნებითი, ასევე ისტორიის წარმოჩენის კუთხით, უპრეცედენტოა.
„პროექტი მნიშვნელოვანია კინოინდუსტრიის განვითარების კუთხითაც – საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და კულტურის სამინისტრომ ერთობლივად უნდა იზრუნონ მის განვითარებაზე. ვულოცავ მთელ გუნდს და იმედი მაქვს, ფილმს ბევრი ადამიანი ნახავს, ეს ისტორია უნდა იცოდეს ყველა ქართველმა“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.
ფილმი „ეგრისის დიდი ომი“ ასახავს მეექვსე საუკუნის საქართველოს და გვანახებს, როგორ აღმოჩნდნენ გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე მყოფი ქართული სამეფოები გლობალური დაპირისპირების ეპიცენტრში. ეს არის ეპოქა, როდესაც დიდი იმპერიები, რომი და ირანი ერთმანეთს აბრეშუმის გზის კონტროლისთვის ებრძვიან. მათი მთავარი მიზანი ტერიტორიების კონტროლია და საქართველოს ბედი არცერთს ანაღვლებს. სწორედ ამ მძიმე ვითარებაში საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დგება. იმპერიების შორის მოქცეული ეგრისის სამეფო დიდი გამოწვევების წინაშე დგება. ამ დროს მას ახალგაზრდა მეფე გუბაზი მართავს, რომელსაც ქვეყნის გადასარჩენად ურთულესი გადაწყვეტილებების მიღება უწევს და საბოლოოდ, ამ 20-წლიან ომს ეწირება კიდეც.
ხელოვნური ინტელექტით შექმნილ გრაფიკულ ვიდეოებზე იმუშავეს თენგიზ თადუმაძემ, გურამ ახობაძემ და გიორგი ჭალიძემ. „ეგრისის დიდი ომი“ ორეპიზოდიანია. ფილმის პირველი ეპიზოდის პრემიერა საზოგადოებრივი მაუწყებლის კინოთეატრ „ილუზიონში“ დღეს გაიმართა.



