პირველმა არხმა პოპულარული ქართული ონლაინთამაშის, „მარტივი ლოგიკის“ ახალი ვერსია გამოუშვა
პირველმა არხმა პოპულარული ქართული ონლაინთამაშის, „მარტივი ლოგიკის“ ახალი ვერსია გამოუშვა.„მარტივი ლოგიკის“ ახალი ვერსია თამაშების ინდუსტრიაში არსებული თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით შეიქმნა. აპლიკაცია გახდა უფრო მინიმალისტური, დაემატა ახალი ფუნქციები, შეიცვალა ინტერფეისი, გარკვეულწილად შეიცვალა თამაშის წესები, თუმცა პრინციპი – ორ ფოტოს შორის ლოგიკური კავშირის პოვნა, უცვლელი დარჩა.
„ციფრული პლატფორმების განვითარება პირველი არხისთვის პრიორიტეტია. რაც, ერთი მხრივ, ახალგაზრდა აუდიტორიის ჩართულობას ზრდის, მეორე მხრივ კი, პასუხია თანამედროვე მედიის გამოწვევებზე. „მარტივი ლოგიკა“ გამორჩეული ქართული ონლაინთამაშია, რომელიც ლოგიკურ აზროვნებას, გონების სისხარტეს მოითხოვს და ქართული ენის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. გვჯერა, თამაშის ახალი ვერსია მომხმარებლის მოლოდინს გაამართლებს“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.
„მარტივი ლოგიკის“ აპლიკაცია არის თამაში, რაც თავისთავად გულისხმობს გართობას, თუმცა ეს უფრო მეტია, ვიდრე თამაში. კითხვების მრავალფეროვნება შემეცნებით ხასიათს ატარებს. ფოტოებს შორის კავშირების პოვნა ხელს უწყობს ლოგიკური აზროვნებისა და სისხარტის განვითარებას. ასევე, ამ აპლიკაციის დახმარებით, ქართული ენის შესწავლა ნებისმიერი მსურველისთვის უფრო სახალისო და საინტერესო ხდება.
„მარტივი ლოგიკის“ ახალ აპლიკაციაში შენარჩუნებულია მთავარი ხიბლი – საპრიზო გათამაშება, რომელიც ლაივრეჟიმში ყველა მომხმარებლისთვის ერთდროულად ხელმისაწვდომი იქნება. საუკეთესო მოთამაშეები, რომლებიც ყველაზე მალე დახურავენ თამაშს და მოხვდებიან რეიტინგის პირველ ათეულში, მიიღებენ სხვადასხვა წამახალისებელ პრიზს. თამაშის პირველ ეტაპზე მოთამაშეებს შესაძლებლობა ექნებათ, კარგად გაეცნონ თამაშის პრინციპებს და ყველა იმ დახმარებას, რომლებიც მათ ტურიდან ტურში გადასვლაში დაეხმარება. აღნიშნული ტურის შემდეგ კი, წინასწარ დაანონსებული თარიღის მიხედვით გაიხსნება საპრიზო თამაში.
თამაშის ახალი ვერსია ხელმისაწვდომია, როგორც Android, ასევე iOS მომხმარებლებისთვის.
გამომდინარე იქიდან, რომ „მარტივი ლოგიკის“ აპლიკაციის პირველი ვერსიის აუდიტორია დაახლოებით მილიონ-ნახევარს აღემატება, ის კვლავ ხელმისაწვდომია მსურველებისთვის.